საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყანაში მოსწავლეთა პროტესტი ფართო მასშტაბს იძენს და მასთან ერთად ძალადობაც იზრდება

22:46, 30.09.2026

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ლორან ნუნიესმა განაცხადა, რომ ქვეყანაში მოსწავლეთა პროტესტი უფრო ფართო მასშტაბს იძენს და მასთან ერთად ძალადობაც იზრდება.

როგორც ნუნიესმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, 30 სექტემბერს 356 სასწავლებელში გაკვეთილები ჩაიშალა ან შეფერხდა.

მისივე ინფორმაციით, დღეს 625 ადამიანი დააკავეს, 83 პოლიციელი და ჟანდარმი კი დაშავდა.

ლორან ნუნიესი აცხადებს, რომ სამართალდამცავები „გონივრულად, პროპორციულად და ძალის კონტროლით“ მოქმედებდნენ.

ნუნიესმა ისაუბრა პროტესტის „გავრცელებაზე“ და ძალადობის „საკმაოდ მნიშვნელოვან ზრდაზეც“, განსაკუთრებით, პოლიციის წინააღმდეგ და ქონების დაზიანებასთან დაკავშირებით.

ამასთან, პროტესტის დროს ძალადობის ზრდაზე წერს საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი პრეფექტებისთვის, პოლიციისა და ჟანდარმერიის ხელმძღვანელებისთვის გაგზავნილ წერილშიც.

„შევნიშნე მზარდი მობილიზაცია, მაგრამ ასევე საზოგადოებრივი წესრიგის უფრო ხშირი დარღვევა ძალადობის მიუღებელ კლიმატში, განსაკუთრებით, სამართალდამცველების წინააღმდეგ“, – აღნიშნულია წერილში.

ნუნიესის თქმით, აქციებზე გამოიყენება პიროტექნიკა, ცეცხლის ასანთები ან ასაფეთქებელი მოწყობილობები. შენიღბული აგრესიული პირები თავს ესხმიან სამართალდამცველებს, რაც საფრთხეს უქმნის აქციის მშვიდობიან მონაწილეებსაც.

დაკავებულთა უმრავლესობა არასრულწლოვანია, ამიტომ ნუნიესი პრეფექტებს სთხოვს: „შეინარჩუნეთ გონიერება და გამოიყენეთ მკაცრად პროპორციული ძალა“.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, მოთხოვნების თავისუფლად გამოხატვა უზრუნველყოფილი იყოს, „ვიდრე ეს ხორციელდება მშვიდობიანად და კანონის პატივისცემით“.

ცნობისთვი, მოსწავლეები კლასებში გადატვირთულობას, მასწავლებლების ნაკლებობასა და განათლების სისტემაში არსებულ სხვა პრობლემებს აპროტესტებენ. გავრცელებულ ფოტოებსა და ვიდეომასალაში ჩანს, რომ აქციის მონაწილეებმა ნაგვის ურნებს ცეცხლი წაუკიდეს და ავტობუსის გაჩერებები დააზიანეს. ფრანგული მედიის ცნობით, აქციის მონაწილეები პოლიციელებს სხვადასხვა საგანს ესროდნენ, სამართალდამცველებმა კი მათ წინააღმდეგ ხელკეტები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

მსგავსი