საფრანგეთში საპროტესტო აქციების დროს 76 ადამიანი დაშავდა, ლილში, ბორდოსა და ლიონში ბლოკირებულია სკოლები, გახშირდა სამართალდამცველებთან შეტაკებების შემთხვევები

18:29, 30.09.2026

საფრანგეთში საპროტესტო აქციების დაწყების შემდეგ 76 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ საფრანგეთის განათლების მინისტრმა, ედუარ ჟეფრემ განაცხადა.

საფრანგეთის ქალაქებში სკოლის მოსწავლეების პროტესტი პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა.

როგორც „როიტერი“ წერს, ლილში, ბორდოსა და ლიონში რამდენიმე საშუალო სკოლის ბლოკირების პარალელურად, მოსწავლეებსა და სამართალდამცველებს შორის დაძაბულობის ახალი კერები გაჩნდა.

მედიის ცნობით, ლიონსა და ლილში პოლიციელებს სხვადასხვა საგანს ესროდნენ. მატულობს ხანძრების, შეტაკებებისა და დაკავებების შემთხვევები, რასაც საფუძვლად უდევს მოთხოვნები სასწავლო პირობებისა და სკოლებში რესურსების ნაკლებობის შესახებ.

„გადატვირთული საკლასო ოთახები, მასწავლებლების დეფიციტი, სამუშაო პირობები, შეიძლება ითქვას, რომ მთავრობას საკუთარი პრიორიტეტები აქვს“, — აღნიშნა ერთ-ერთმა მოსწავლემ.

ბორდოში ერთ-ერთი საშუალო სკოლის წინ ძლიერი ხანძარი გაჩნდა. პოლიციის მონაცემებით, 440 ადამიანი დააკავეს. მოსწავლეების მიმართ, რომლებიც სკოლების ბლოკირებას ცდილობენ, ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. აქციებს შეუერთდნენ უკიდურესი მემარცხენე პარტიის, „დაუმორჩილებელი საფრანგეთის“ წარმომადგენლები.

მსგავსი