საფრანგეთის ქალაქ ლიონში საზოგადოებრივი შეკრებები აიკრძალა და ღამით კომენდანტის საათი გამოცხადდა
საფრანგეთის ქალაქ ლიონში საზოგადოებრივი შეკრებები აიკრძალა და ღამით კომენდანტის საათი გამოცხადდა. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ეს ლიონში საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით მოხდა.
შეკრებების აკრძალვა ადგილობრივი დროით 16:00 საათიდან 23:00 საათამდე ამოქმედდა, კვირას 23:00 საათიდან ორშაბათს დილის 06:00 საათამდე კი კომენდანტის საათი დაწესდა.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, შაბათს გამართულ დემონსტრაციაში საფრანგეთის მასშტაბით დაახლოებით 400 000-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, აქციის ორგანიზატორთა თქმით კი, შეკრებილთა რაოდენობა 800 000-ს შეადგენდა. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ლორან ნუნიესის განცხადებით, შაბათს მთელი ქვეყნის მასშტაბით სულ 1 314 აქტივისტი დააკავეს.
ფრანგული მედიის ცნობით, მომხდარი არეულობის დროს 24 მაღაზია გაძარცვეს, 75-ჯერ კი ხანძარი გაჩნდა. პოლიციის ცნობით, დაპირისპირების დროს 50 ოფიცერი დაშავდა.