საფრანგეთის ქალაქ ლიმოჟის მერი – შესაძლოა, მერიის შენობიდან მხოლოდ დროშა დარჩეს, ეს ინსტიტუტების მიმართ სიძულვილია, ეს სიძულვილია ყველაფრის მიმართ, რაც ხელისუფლებას განასახიერებს
საფრანგეთის ქალაქ ლიმოჟის მერმა, გიოომ გერენმა განაცხადა, რომ საპროტესტო აქციის დროს მერიის შენობის განადგურება უბრალო ვანდალიზმი არ ყოფილა. მისი თქმით, ეს ინსტიტუტებისა და სახელმწიფო ხელისუფლების სიმბოლოების მიმართ სიძულვილის გამოვლინებაა.
გერენის განცხადებით, მერია ქალაქის გული და „რესპუბლიკის სახეა“.
„ამას ვერ ავხსნი, რადგან ეს სიძულვილია. ეს საფრანგეთის დროშის მიმართ სიძულვილია. შესაძლოა, მერიის შენობიდან მხოლოდ დროშა დარჩეს, რომელიც ცოტა ხნის წინ მეხანძრეებმა გადმომცეს, მათ ის გადაარჩინეს. ეს ინსტიტუტების მიმართ სიძულვილია, ეს სკოლის დირექტორების მიმართ სიძულვილია, ეს პოლიციელების მიმართ სიძულვილია, ეს არჩეული თანამდებობის პირების მიმართ სიძულვილია. ეს სიძულვილია ყველაფრის მიმართ, რაც ხელისუფლებას განასახიერებს. ეს წვრილმანი დამნაშავეები არ არიან. სამართალდამცველების ინფორმაციით თუ ვიმსჯელებთ, ისინი ძალიან მეთოდურად მოქმედებენ, ძალიან ორგანიზებულები არიან. ლიმოჟი გამონაკლისი არ ყოფილა. ბორდოში პრეფექტურის შენობა დაარბიეს, შემდეგ კი ნახეთ, რა ხდება ქვეყნის მასშტაბით – თავდასხმები მერიებზე. მომხდარის დასაგმობად სიტყვები არ არსებობს“, – განაცხადა ლიმოჟის მერმა.
ცნობისთვის, გუშინ ნიღბიანმა დემონსტრანტებმა მერიის შენობის წინ პოლიციის ავტომობილი დაწვეს, შემდეგ კი შენობის ფანჯრები ჩაამსხვრიეს, შიგნით შეიჭრნენ და ცეცხლი გააჩინეს. პრეფექტურის განცხადებით, შენობის ფასადის ორი მესამედი უკვე ჩამოშლილია და შენობა, ფაქტობრივად, განადგურებულია. მერიის შენობა 1883 წელს გაიხსნა, მისი ნაწილი კი 1975 წელს ისტორიულ ძეგლად გამოცხადდა.