საფრანგეთის ქალაქ დიჟონში არეულობის მოწყობის ბრალდებით რუსეთის სამი მოქალაქე დააკავეს
საფრანგეთის ქალაქ დიჟონში არეულობის მოწყობის ბრალდებით რუსეთის სამი მოქალაქე დააკავეს

საფრანგეთის ქალაქ დიჟონში არეულობის მოწყობის ბრალდებით რუსეთის სამი მოქალაქე დააკავეს. მათ ძალადობისა და ნგრევის მიზნით არეულობის ორგანიზებაში დასდეს ბრალი. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულებს 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

საქმეში ფიგურირებს კიდევ ერთი პირი, რომელიც წარმოშობით რუსია და საფრანგეთის მოქალაქეობა აქვს.

არეულობა დიჟონში 12 ივნისს დაიწყო, როდესაც ქალაქში მცხოვრები ჩრდილოაფრიკელები 16 წლის ჩეჩენ ახალგაზრდას დაესხნენ თავს.

დიჟონის პროკურატურაში განაცხადეს, რომ მომხდართან დაკავშირებით კიდევ ორ პირს ეძებენ.

ბრალდებულები აღიარებენ, რომ აქციებში მონაწილეობდნენ, თუმცა ძალადობრივ ქმედებებში მონაწილეობას უარყოფენ.

ჩრდილოაფრიკელებსა და ჩეჩნებს შორის შეტაკებები დიჟონში ოთხი ღამე გრძელდებოდა. თვითმხილველთა თქმით, მოზარდზე თავდასხმის შემდეგ, ქალაქში 200 ჩეჩენი ეროვნების პირი ჩავიდა. ისინი ბეისბოლის ჯოხებით იყვნენ შეიარაღებული. მათ დაწვეს ავტომობილები და ნაგვის კონტეინერები. არეულობის დროს 20 ადამიანი დაშავდა.

დიჟონში მომხდარს საფრანგეთში დიდი რეზონანსი მოჰყვა. სტრასბურგში მცხოვრებმა ჩეჩნებმა ქალაქის მერიას აქციის ჩატარების თხოვნით მიმართეს, თუმცა კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, უარი მიიღეს.