საფრანგეთის პრეზიდენტი - არ შეიძლება, პარიზის ოლიმპიადაზე იყოს რუსული დროშა #1TVSPORT
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი 2024 წელს პარიზის ოლიმპიადაზე რუსეთის დროშის წინააღმდეგ გამოვიდა.
„რუსეთის დროშა არ შეიძლება, იყოს პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე“, – განაცხადა მაკრონმა და თავისი მოსაზრება უკრაინაში რუსეთის აგრესიით ახსნა.
ოლიმპიადაზე რუსი სპორტსმენების სავარაუდო გამოსვლასთან დაკავშირებულ კითხვაზე მაკრონმა ასე უპასუხა: „იმედი მაქვს, რომ ეს გადაწყვეტილება ოლიმპიური სამყაროს სინდისზეა. მასპინძელმა სახელმწიფომ არ უნდა გადაწყვიტოს, რა გააკეთოს საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა“.
„მე სრულად ვენდობი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს, თომას ბახს“, – დაამატა მაკრონმა, რომლის სიტყვები მოჰყავს გაზეთ L’Equipe-ს.
„საკითხი, რომელიც უნდა გადაწყვიტოს ოლიმპიურმა სამყარომ, მდგომარეობს იმაში, რა ადგილი უნდა გამოუყონ იმ რუს სპორტსმენებს, რომლებიც მთელი ცხოვრება ემზადებოდნენ ოლიმპიური თამაშებისთვის და ასევე შეიძლებოდა გამხდარიყვნენ ამჟამინდელი რეჟიმის მსხვერპლნი“, – აღნიშნა მაკრონმა.
კითხვაზე, როგორ უნდა გაარჩიონ ასეთი სპორტსმენები, საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა: „ეს რეალური საკითხია. ეს დამაბალანსებელი აქტია, რომლის შესრულება მოგვიწევს“.
მისი სიტყვებით, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც სამართლიანი და გასაგები იქნება უკრაინელებისთვის.