საფრანგეთის მთავრობამ საშუალო სკოლის მოსწავლეებისა და უნივერსიტეტის სტუდენტების მოთხოვნებზე საპასუხოდ განათლების სისტემაში ახალი ზომები წარადგინა
საფრანგეთის მთავრობამ ახალი ზომები წარადგინა, რომლებიც საშუალო სკოლის მოსწავლეებისა და უნივერსიტეტის სტუდენტების მოთხოვნებზე პასუხის გაცემას ისახავს მიზნად.
ღონისძიებები ითვალისწინებს საშუალო სკოლების ზოგიერთ კლასში მოსწავლეთა რაოდენობის შეზღუდვას, სკოლების განახლებისთვის ოთხი მილიარდი ევროს (4.5 მილიარდი დოლარის) ოდენობის შეღავათიანი სესხების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და 2028 წლისთვის უნივერსიტეტებში ჩარიცხვის არსებული სისტემის ჩანაცვლებას, რომელსაც სტუდენტები სოციალურად უსამართლოდ მიიჩნევენ.
პრესკონფერენციაზე საფრანგეთის განათლების მინისტრმა, ედუარ ჟეფრემ ასევე განაცხადა, რომ საშუალო სკოლების ზოგიერთ კლასში მოსწავლეთა რაოდენობა, მაქსიმუმ, 28-ით განისაზღვრება. ამასთან, საშუალო განათლების სექტორში დაგეგმილი საშტატო შემცირებები გაუქმდება.
„ჩვენი მოსწავლეები სულ უფრო მეტად განიცდიან აკადემიურ წნეხს, რაც უკავშირდება უნივერსიტეტებში ჩარიცხვის სისტემას – Parcoursup-ს, კონკრეტული საგნების არჩევის მოთხოვნასა და კლასებში მოსწავლეთა ჭარბ რაოდენობას. როგორც თავად მოსწავლეები გვეუბნებიან, ეს მათთვის პრობლემაა. ჩვენ კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადავდგათ ამ წნეხის შესამცირებლად. პირველ რიგში კი, ეს კლასებში მოსწავლეთა რაოდენობის შემცირებას გულისხმობს“, – განაცხადა ჟეფრემ.
მისივე თქმით, 2027 სასწავლო წლიდან საშუალო სკოლის პირველ კლასებში მოსწავლეთა რაოდენობა, მაქსიმუმ, 28-ით განისაზღვრება. თავდაპირველად შეზღუდვა შეეხება იმ სკოლებს, რომლებიც ნაკლებად ხელსაყრელ პირობებშია, შემდეგ კი – დანარჩენ სკოლებსაც. შედეგად, ორი წლის განმავლობაში საშუალო სკოლის ყველა პირველ კლასში მოსწავლეთა რაოდენობა, მაქსიმუმ, 28 იქნება.
ღონისძიებები ასევე ითვალისწინებს საუნივერსიტეტო კამპუსებში ერთი მილიარდი ევროს ინვესტირებას, ინფლაციის შესაბამისად სტუდენტური გრანტების გაზრდასა და უმაღლეს სასწავლებლებში დამატებით 15 000 ადგილის შექმნას.
ჯერჯერობით უცნობია, ჯამში, რა თანხა იქნება საჭირო ამ ღონისძიებების დასაფინანსებლად.