საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრი - უხანიდან საფრანგეთის მიერ ევაკუირებულთა შორის 20 ადამიანს კორონავირუსის სიმპტომები აქვს
ჩინეთის ქალაქ უხანიდან საფრანგეთის მიერ ევაკუირებულთა შორის 20 ადამიანს კორონავირუსის ახალი სახეობის სიმპტომები აქვთ. ამის შესახებ პარიზში საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა, ანიეს ბიუზენმა განაცხადა.
მისი ინფორმაციით, კორონავირუსის სიმპტომის მქონე პირებს შორის არიან როგორც საფრანგეთის, ისე სხვა ქვეყნების მოქალაქეები. ისინი სამედიცინო გამოკვლევებს გაივლიან.
აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის მიერ უხანიდან თვითმფრინავით ევაკუირებულ პირებს შორის საქართველოს ორი მოქალაქეა.
მეორე თვითმფრინავი, რომლის ბორტზე საფრანგეთის მიერ უხანიდან ევაკუირებულები იმყოფებოდნენ, მარსელის მახლობლად მდებარე ისტრის აეროდრომზე 2 თებერვალს დაეშვა. ბორტზე 250 მგზავრი იმყოფებოდა, რომელთა შორის საფრანგეთის 64 მოქალაქეა, დანარჩენები კი სხვა ევროპული ქვეყნების წარმომადგენლები.