საფრანგეთი კორონავირუსით ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირების გამოსავლენად შექმნილი აპლიკაციის ტესტირებას 11 მაისიდან დაიწყებს
საფრანგეთი კორონავირუსით ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირების გამოსავლენად შექმნილი აპლიკაციის ტესტირებას 11 მაისიდან დაიწყებს

საფრანგეთი კორონავირუსით ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირების გამოსავლენად შექმნილი აპლიკაციის ტესტირებას 11 მაისიდან დაიწყებს. როგორც „ბიბისი“ წერს, ამის შესახებ საფრანგეთის ციფრული საკითხების მინისტრმა, სედრიკ ომ განაცხადა. მინისტრის თქმით, აპლიკაცია მნიშვნელოვან როლს შეასრულებს „კოვიდ-19“-ის გავრცელების კონტროლში.

„ამ აპლიკაციაში ჯადოსნური არაფერია. ის გამოსადეგია მხოლოდ მაშინ, თუ ინტეგრირებულია ჯანდაცვის გლობალურ სისტემაში“, – აღნიშნა ციფრულ საკითხებში საფრანგეთის მინისტრმა.

მომავალი კვირიდან კორონავირუსით ინფიცირებულთან კავშირში მყოფი პირების გამოსავლენი პროგრამის გამოცდას დიდ ბრიტანეთშიც იწყებენ. როგორც პრესკონფერენციაზე დიდი ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენელმა, მაიკლ გოუვმა განაცხადა, პროგრამის ტესტირება თავდაპირველად ინგლისის სამხრეთ სანაპიროსთან მდებარე კუნძულ უაითზე დაიწყება. მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლის თქმით, გეგმის მიხედვით, პროგრამის ფართო გამოყენება მიმდინარე თვის ბოლოს უნდა დაიწყოს.

როგორც სააგენტო „როიტერი“ აღნიშნავს, დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება კორონავირუსით ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი პირების დასადგენად აპლიკაციის გამოყენებას მნიშვნელოვნად მიიჩნევს ეპიდემიის მეორე ტალღის თავიდან ასაცილებლად.