საფეხბურთო ტაიმაუტი | ვლადიმერ გუცაევი - სანიოლის კონტრშეტევის ტაქტიკა ვაისის სქემებს მირჩევნია #1TVSPORT
საფეხბურთო ტაიმაუტი | ვლადიმერ გუცაევი - სანიოლის კონტრშეტევის ტაქტიკა ვაისის სქემებს მირჩევნია #1TVSPORT

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტის“ წამყვანმა, თბილისის „დინამოს“ ლეგენდარულმა თავდამსხმელმა ვლადიმერ გუცაევმა ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების მოახლოებულ შეხვედრებზე საუბრისას ვარაუდი გამოთქვა, თუ ვის შეიძლება დაეყრდნოს ვილი სანიოლი შეტევაში. ქართული ფეხბურთის ლეგენდამ მეტოქეებსა და სხვა მნიშვნელოვან თემებზეც ისაუბრა.

„ჩემი აზრით, ვილი სანიოლმა სწორი ტაქტიკა აარჩია, რომ საქართველოს ნაკრებში გამოიყენოს ის სისწრაფეები, რაც ლობჟანიძეს და კვარაცხელიას აქვთ. ბოლო დროს კარგად გამოიყურება ბუდუ ზივზივაძე. მე მგონია, რომ ეს სამეულზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. როგორც ვუყურებ, სანიოლმა ისეთი ტაქტიკური სქემა აარჩია, რომ კონტრშეტევებზე უფრო კარგად ვთამაშობთ, ვიდრე პოზიციური შეტევების დროს. ვფიქრობ, რომ ეს უკეთესი ვარიანტია, ვიდრე წინა მწვრთნელის, ვაისის დროს არჩეული სათამაშო სქემა.

– კარგია, რომ გუნდის კონტურებს ხედავ. ხალხმა ასე თუ ისე იცის, ვინ არიან ძირითადის მოთამაშეები და ქაოსი არ არის. ისიც იციან, როგორი ტაქტიკით ვთამაშობთ, სამი მცველით და სამი თავდამსხმელით. ეს უკვე მეტყველებს, რომ გუნდი ნელ-ნელა მართლა ყალიბდება. ჩრდილოეთ მაკედონიასთან ჩვენც გვეგონა, რომ უნდა მოგვეგო და იტალიელებიც ასე ფიქრობდნენ, მაგრამ სერიოზული გუნდია. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე ითამაშეს, უფრო გამოცდილები გახდნენ და უკეთ იციან, ჯგუფური როგორ ჩაატარონ. ასე რომ, ჩვენს ნაკრებს ბევრი სირთულე ელის.

– ბულგარეთზე ვერ ვიტყვი, რომ ძლიერი გუნდია. ძალიან არასტაბილურია, სახლში წააგო, მაგრამ გასვლაზე იტალიასთან ფრედ ითამაშა. მეორე მხრივ, ჩვენ ამხანაგურ მატჩში სერიოზული ანგარიშით მოგვიგო. მთლიანობაში, ფაქტობრივად, ჩვენი დონის გუნდია. მიმაჩნია, ჩვენი გუნდი კარგად თუ მოემზადება, გვაქვს იმის შანსი, რომ ერთა ლიგის ჯგუფში პირველი ადგილი დავიკავოთ. ქეცბაიასთან ვისაუბრეთ, რომ ივნისის ფაქტორი მნიშვნელოვანია, რომელსაც ჩვენი გუნდი ისე ვერ თამაშობს, როგორც შემოდგომაზე“.