საფეხბურთო ტაიმაუტი | ნუკრი რევიშვილი - უკვე გაუგებარი ხდება, მსაჯები პენალტს როდის დებენ #1TVSPORT
საფეხბურთო ტაიმაუტი | ნუკრი რევიშვილი - უკვე გაუგებარი ხდება, მსაჯები პენალტს როდის დებენ #1TVSPORT

პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ საქართველოს ნაკრების ყოფილმა მეკარემ, მოქმედმა საფეხბურთო მენეჯერმა ნუკრი რევიშვილმა ევრო 2020-ის მსვლელობაზე ილაპარაკა და ჩემპიონატის ფავორიტი გუნდები დაასახელა.

„ესპანეთზე როგორი სათქმელია, რომ ფავორიტი არაა. მაგრამ ასეთი გაუთავებელი ბურთის გორაობით ძნელი წარმოსადგენია, რამეს მიაღწიოს, თუ შეტევას არ გამოასწორებს. მაგრამ ლუის ენრიკემ ჩემზე უკეთ იცის, თამაში როგორ გამოასწოროს. ხორვატიის ნაკრები ძალიან მძიმედ გამოიყურება. 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე სულ სხვა გუნდი იყო და ფინალში გავიდა. ახლა ამ გუნდის შემადგენლობა თითქმის იგივეა. ეტყობა, სხვა სახის პრობლემა აქვს.

ინგლისში ისეთი თაობაა, რომელმაც წარმატებას უნდა მიაღწიოს. მიმაჩნია, რომ თავისი სიტყვა უნდა თქვან, კარგი ფეხბურთელებიც ჰყავთ, მწვრთნელიც მომწონს და პერსპექტივაც გააჩნიათ.

ბელგია ფარული ფავორიტი მგონია. ძლიერი მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული. სადაც საფრანგეთი, იტალია და გერმანიაა, იქ როგორ ვთქვა, რომ ბელგია ფავორიტი იქნებაო. მაგრამ პოტენციალი ნამდვილად გააჩნია.

საფრანგეთი ყველაზე ძლიერი გუნდი და მთავარი ფავორიტი მგონია. დიდიე დეშამმა შექმნა მშვენიერი ნაკრები, სადაც ყველამ იცის, რა უნდა გააკეთოს. მასთან შეხვედრის შემდეგ ძნელია გერმანიაზე მსჯელობა.“

რევიშვილმა არ დამალა, რომ მისთვის ბოლო დროს და მათ შორის, ამ ტურნირზე მსაჯების გადაწყვეტილებები უფრო და უფრო გაუგებარი ხდება.

შიკის გოლი? ძალიან მაგარი შესრულება იყო, მაგრამ ისეთი ვითარება არ იყო, რომ მეკარე აუცილებლად წინ წასულიყო – ამიტომ გოლს უფრო მის შეცდომას მივაწერ.

მეკარეებმა ევრო 2020-ზე ბევრი პენალტი მოიგერიეს. ალბათ, იმის გამო, რომ ახლა ბევრი ვიდეომასალაა და უფრო კარგად შეუძლიათ შემტევის დარტყმის მიმართულების შესწავლა. მაგრამ აქვე ვიტყვი, რომ უკვე გაუგებარი ხდება, მსაჯები პენალტს როდის დებენ და როდის არა, პირადად ჩემთვის უკვე გაუგებარი გახდა.“