საფეხბურთო ტაიმაუტი | ბუდუ ზივზივაძე - ფეხბურთელები ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ახალი ისტორია დავწეროთ #1TVSPORT
საფეხბურთო ტაიმაუტი | ბუდუ ზივზივაძე - ფეხბურთელები ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ახალი ისტორია დავწეროთ #1TVSPORT

პირველი არხის გადაცემა საფეხბურთო ტაიმაუტში საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა, ლაშა დვალმა და ბუდუ ზივზივაძემ  მოახლოებულ ევროპის ჩემპიონატზე ისაუბრეს.

ბუდუ ზივზივაძე: „ევროპის ჩემპიონატზე გასვლამ დიდი თავდაჯერება შეგვმატა. კარგად უნდა მეთამაშა, რომ სანიოლისგან მიწვევა მიმეღო. დარწმუნებული ვარ, ასე იყო ყველა ფეხბურთელი და სეზონის ბოლო პერიოდი ყველამ ბრწყინვალედ ჩაატარა.

პირველად თურქეთთან ვითამაშებთ დორტმუნდში, სადაც ბევრი თურქია და ეს მათთვის, პრაქტიკულად, საშინაო მატჩი იქნება. თუმცა ჩვენც ბევრ გულშემატკივარს ველოდებით. ეს ძლიერი ნაკრებია. ვფიქრობ, ისეთივე კონცენტრირებული თუ ვიქნებით, როგორც საბერძნეთთან, დადებითი შედეგის მიღწევა შეგვიძლია. ფეხბურთელები ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ახალი ისტორია დავწეროთ.

ჩვენი მეტოქეები უფრო გამოცდილები არიან, მაგრამ ეს გამართლება არ იქნება. გვაქვს ის პოტენციალი და ამბიცია, რომ ჯგუფიდან გავიდეთ. ნაკრებში მაღალი დონის, გამოცდილი და ახალგაზრდა ფეხბურთელების კარგი სინთეზია. ბოლო წლების პროგრესიც ამის დამსახურებაა. ევრო 2024-ის შემდეგ კიდევ უფრო გამოცდილები გავხდებით. საქართველოს გერმანიაში ბევრი უგულშემატკივრებს. „კარლსრუეს“ ფანებმა მითხრეს, რომ რომელიმე თამაშს დაესწრებიან და გვიქომაგებენ“.

ლაშა დვალი: „მონდომება მანამდეც არ გვაკლდა, თუმცა უფრო თავდაჯერებულები გავხდით. ყველას გვქონდა თავში, რომ ორ თვეში ევროპის ჩემპიონატი იწყება, სადაც ვალდებულები ვართ, ჩვენი ქვეყანა ღირსეულად წარმოვაჩინოთ.

ამბობენ, წნეხის გარეშე უკეთ გამოგვდის თამაში. ვფიქრობ, რომ რაღაც დონეზე წნეხი აუცილებელია, ეს საბერძნეთთან მატჩმაც აჩვენა. შეკრებაზე კარგად მოვემზადებით. მთავარია, ეს ჟინი და სულისკვეთება შევინარჩუნოთ. მეტოქეებს პატივს ვცემთ, თუმცა ზედმეტი დაფასებაც კარგი არაა.

რონალდუსთან მაქვს ნათამაშები, ყოველთვის სასიხარულოა დიდი ფეხბურთელის წინააღმდეგ გამოსვლა, ის კი ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფიგურაა. მიუხედავად იმისა, რომ საუკეთესო ფორმაში არაა, ბედნიერი ვიქნები, მის წინააღმდეგ თუ ვიასპარეზებ.

თბილისში სადაც არ უნდა მივიდე, ყველა წარმატებას მისურვებს, ქართველებისთვის უბედნიერესი დროა. მგონია, რომ ეს ბედნიერება მთელი ცხოვრება გამყვება. ამიტომ, ჩვენს გუნდს, გულშემატკივრებთან ერთად, წარმატებებს ვუსურვებ“, – განაცხადა ლაშა დვალმა.