საფეხბურთო ტაიმაუტი | კახა გოგიჩაიშვილი - არ მგონია, სპალეტიმ კვარაცხელიაში ინდივიდუალიზმი ჩაკლას #1TVSPORT
საფეხბურთო ტაიმაუტი | კახა გოგიჩაიშვილი - არ მგონია, სპალეტიმ კვარაცხელიაში ინდივიდუალიზმი ჩაკლას #1TVSPORT

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ ეროვნული ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა კახა გოგიჩაიშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ნიჭიერი ფეხბურთელის პერსპექტივის სჯეროდა, მაგრამ არც ის დამალა, რომ ასეთ წინსვლას ვერ წარმოიდგენდა.

„ყველანი გახარებულები ვართ ხვიჩას თამაშით, ვიცით მისი პოტენციალი და შესაძლებლობები. ამიტომ ველოდებდით, რომ იტალიაში ბევრს მიაღწევდა, მაგრამ პირადად მე არ მეგონა, რომ თავიდანვე ასე მაგრად ითამაშებდა.

ადაპტაციისთვის დრო ყველას სჭირდება, როდესაც ასეთ დიდ ქვეყანაში და ისეთ დიდ გუნდში მიდიხარ, როგორიც „ნაპოლია“. ჩვენდა სასიხარულოდ, ხვიჩამ სწრაფად აუღო ალღო ვითარებას და ყველა თამაში კარგ დონეზე ჩაატარა, გოლები და ასისტები დააგროვა და გუნდს კარგად შეეწყო. ალბათ, ცოტა ხანში გუნდის ლიდერად ჩამოყალიბდება და იმედია, ქართველ გულშემატკივარს კიდევ ბევრჯერ გაახარებს.

ლიდერების წასვლის შემდეგ ყველას დიდი მოტივაცია აქვს, ყველას სურს დამტკიცება და ძირითად შემადგენლობაში მოხვედრა. ინსინიემ 12 წელი ჩაატარა „ნაპოლიში“ და ლიდერის შეცვლა რთულია, მაგრამ იმხელა მოტივაცია აქვს, რომ უნდა დაამტკიცოს, რომ ამ დონეზე თამაში შეუძლია. ახლა, ფაქტობრივად, ინსინიეს წასვლა არც იგრძნობა და ღირსეულად შეცვალა. პოტენციალიც აქვს, რომ უფრო მაღალ დოენზე ითამაშოს.

მე სპალეტის დადებითად ვუყურებ. მომწონს, რომ ასეთი ძლიერი „ნაპოლი“ ჩამოაყალიბა და ასეთი ძლიერი ფეხბურთელები შეკრიბა. თუმცა, არის ფეხბურთელში კარგი გაგებით ეგოიზმის, სპორტული თავხედომის მომენტები, რომელიც აუცილებელია. როცა შეტევის დასასრულია და ორ-სამ კაცზე მიდიხარ, იმიტომ ურტყამ, რომ გატანა გინდა. შინაგანად ეს უნდა გქონდეს. „აიაქსთან“ შეხვედრაში იყო ორი მომენტი, როდესაც შეეძლო პასის მიცემა და სპალეტიმ მიუთითა. ის ჭკვიანი კაცია და კვარაცხელიაში ხედავს, რომ ინდივიდუალიზმი მისი ძლიერი მხარეა. თუ პასებსაც დაალაგებს და ამით მისი პარტნიორები იხერებენ, ალბათ, კიდევ უფრო კარგ ფეხბურთელად ჩამოყალიბდება,

არ მგონია, სპალეტიმ მასში ინდივიდუალიზმი ჩაკლას, რადგან გამორიცხულია, ეს აუკრძალოს. შენ რომ გყავს ფეხბურთელი, რომელიც 2-3 კაცს ატყუებს და დაცვის სისტემას ანგრევს, შემდეგ სხვებს შეტევა უადვილდებათ. ვფიქრობ, რომ სპალეტი ამას დაარეგულირებს და არ მგონია, კონფლიქტი მოხდეს. უბრალოდ, ბევრიც არ უნდა შეაქოს. ზუსტად ისეთ გუნდში მოხვდა, რომელიც მისთვის იდეალურია“ – ამბობს კახა გოგიჩაიშვილი.