საფეხბურთო ღია კარის დღე ბათუმში - მიზანი 10-მდე საფეხბურთო წერტილის შექმნაა #1TVSPORT
საფეხბურთო ღია კარის დღე ბათუმში - მიზანი 10-მდე საფეხბურთო წერტილის შექმნაა #1TVSPORT

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ბათუმში საფეხბურთო ღია კარის დღე გამართა. ღონისძიებაში 15-წლამდე გოგონები სხვადასხვა საფეხბურთო აქტივობებში მონაწილეობდნენ.

უკვე ერთი წელია, რაც ბათუმში ფეხბურთით დაინტერესებული გოგონებისთვის საფეხბურთო ვარჯიშები რეგულარულად სრულიად უფასოდ იმართება – საწვრთნელ პროცესებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ გადამზადებული მწვრთნელები უძღვებიან.

რეგულარული ვარჯიშები სფფ-ის პროექტის #WePlayStrong საქართველოს ფარგლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე ლოკაციაზე იმართება, მათ შორის, თბილისში – ვაკის, გლდანისა და ვარკეთილის საფეხბურთო ცენტრებში, გორში, თერჯოლასა და ბათუმში. მომავალი წლისთვის 10-მდე საფეხბურთო წერტილის შექმნა იგეგმება.

პროექტი ქალთა ფეხბურთის განვითარების 4-წლიანი სტრატეგიული გეგმის ნაწილია, რომელიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მიმდინარე წელს უეფა-სთან ერთად შეიმუშავა და მიზნად გოგონებში ფეხბურთის პოპულარიზაციას და მათ მასობრივ ჩართვას ითვალისწინებს.