საფეხბურთო ბანაკი დევნილი ახალგაზრდებისთვის - კობიაშვილი მზადაა, რუხის აკადემიაში პროექტს კიდევ უმასპინძლოს #1TVSPORT
საფეხბურთო ბანაკი დევნილი ახალგაზრდებისთვის - კობიაშვილი მზადაა, რუხის აკადემიაში პროექტს კიდევ უმასპინძლოს #1TVSPORT

რუხის საფეხბურთო აკადემიაში პროექტი „ნორჩი ფეხბურთელები“ ჩატარდა. ორგანიზატორები იყვნენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის და აფხაზეთის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტო.

25-მა დევნილმა ახალგაზრდამ რუხის საფეხბურთო აკადემიაში 10-დღიანი შეკრება გაიარა. საფეხბურთო კემპის ფარგლებში გათვალისწინებული საწვრთნელი პროცესის გარდა, ახალგაზრდებმა რეგიონის ღირსშესანიშნაობები მოინახულეს. რუხის საფეხბურთო აკადემიამ დევნილი ბავშვებისთვის ორგანიზებულ ბანაკს უკვე მეორედ უმასპინძლა.

„ამ არაჩვეულებრივ პროექტს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უკვე მეორე წელია ახორციელებს აფხაზეთის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოსთან ერთად. დევნილი ახალგაზრდების რუხის არაჩვეულებრივ აკადემიაში მასპინძლობა ძალიან გვახარებს და თავადაც აღნიშნავენ, რომ ამით ბედნიერები არიან. 10 დღეა ჩვენთან ერთად არიან, ყოველდღიურად მიმდინარეობს საწვრთნელი პროცესი და ამის გარდა სხვადასხვა ღონისძიებები გვქონდა. ფეხბურთის ფედერაციისთვის მნიშვნელოვანია სოციალური პასუხისმგებლობა და ხაზს ვუსვამ, რომ ფეხბურთი ყველასთვისაა. ჩვენს ქვეყანაში ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ითამაშოს ფეხბურთი და როდესაც ასეთი ინფრასტრუქტურა გაგვაჩნია, ცხადია, რომ ხელს ვუწყობთ ახალგაზრდებს, რათა ამ პროცესში მეტად იყვნენ ჩართულები. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მზად არის მომავალშიც უმასპინძლოს ახალგაზრდებს, ვინაიდან აქ გატარებული ყოველი დღე მათთვის და ჩვენთვის დიდი ბედნიერებაა. დარწმუნებული ვარ, მომავალში თანამშრომლობას კიდევ უფრო მეტად გავაძლიერებთ“, – განაცხადა სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა.