საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა რუს სპორტსმენებს აზიის თამაშებში გამოსვლა აუკრძალა - იქ რუსებს ოლიმპიური ლიცენზიების მიღება შეეძლოთ #1TVSPORT
აზიის ოლიმპიურმა საბჭომ (OCA) გამოაცხადა, რომ რუსი და ბელარუსი სპორტსმენები ვერ მიიღებენ მონაწილეობას აზიის თამაშებში, სადაც მათ პარიზის ოლიმპიადაზე გამოსასვლელი ლიცენზიების მიღების შესაძლებლობა ექნებოდათ, – ამის შესახებ გამოცემა The Indian Express-ი წერს. აღნიშნავენ, რომ საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა შესაბამისი ნებართვა არ მისცა OCA-ს.
„არანაირი რუსი და ბელარუსი სპორტსმენები. ეს არის საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისა და არა – OCA-ს გადაწყვეტილება“, – მოჰყავს წყაროს OCA-ს განცხადების ფრაგმენტი.
ამა წლის იანვრის ბოლოს, აზიის ოლიმპიურმა საბჭომ რუსეთსა და ბელარუსს აზიის თამაშებში გამოსვლა შესთავაზა. მაშინ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი სწავლობდა საერთაშორისო ტურნირებზე რუსი და ბელარუსი სპორტსმენების დაბრუნების გზებს.
აზიის თამაშები ჩინეთში 23 სექტემბრიდან 8 ოქტომბრამდე გაიმართება.