„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის პირველად შედეგებს აქვეყნებს
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის პირველად შედეგებს აქვეყნებს

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“  31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის პირველადი შედეგები გამოაქვეყნა.

ორგანიზაციის შეფასებით, დარღვევებისა და საჩივრების ანალიზის საფუძველზე ცალსახაა, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები, წინა, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, უკან გადადგმული ნაბიჯი იყო.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ პარლამენტის 31 ოქტომბრის არჩევნებს 600-მდე ადგილობრივი დამკვირვებლით გაუწია მონიტორინგი. ჩვენ მიერ დაფიქსირებული 170 დარღვევისა და 46 საჩივრის ანალიზის საფუძველზე ცალსახაა, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები, წინა, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, უკან გადადგმული ნაბიჯი იყო.

საპარლამენტო არჩევნების დღე საარჩევნო უბნების გარეთ ფიზიკური დაპირისპირებების, დამკვირვებლებისთვის და ჟურნალისტებისთვის ხელის შეშლის, მათ შორის მედიის წარმომადგენლებზე ფიზიკური თავდასხმისა და მათი ქონების დაზიანების, საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის ფარულობის დარღვევის, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტებისა და სხვა მნიშვნელოვანი და ნაკლებად მნიშვნელოვანი დარღვევების ფონზე მიმდინარეობდა.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების პირველადი წინასწარი შედეგები საარჩევნო უბნების დახურვიდან 7.5 საათში გამოაქვეყნა, რაც ბოლო რვა წლის განმავლობაში ჩატარებული არჩევნების პრაქტიკის გაუარესებაა და რამაც ოპოზიციურ პარტიებს შედეგების გამოცხადების მანიპულირების ეჭვის საფუძველი გაუჩინა. ცესკოში ოპოზიციური პარტიების მიერ დანიშნულმა წევრებმა ეს ფაქტი გააპროტესტეს და ცესკოს თავმჯდომარეს შედეგების გამოცხადებაში ხელი შეუშალეს.

მარნეულის #13.22.65 უბანზე ჩვენმა დამკვირვებელმა დააფიქსირა პირი, რომელმაც სულ მცირე ათჯერ მისცა ხმა, მათ შორის სამჯერ მოხერხდა მისი ქმედებების ვიდეოჩანაწერით დადასტურება. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ითხოვს აღნიშნული უბნის შედეგების ბათილობას.

მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა წყაროს მიერ ვრცელდებოდა ინფორმაცია საარჩევნო უბნის გარეთ ადამიანებისთვის თანხის გადაცემის შესახებ. გლდანში სხვადასხვა პარტიის აქტივისტებს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირებისას დაზიანდნენ ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტი და ონლაინმედიის ჟურნალისტი. ინციდენტის დროს პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა. ქუთაისში მერის არჩევნებზე „ლეიბორისტული პარტიის“ კანდიდატი ირაკლი კიკვაძე სცემეს. ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი ჰქონდა მარნეულისა და ზუგდიდის საარჩევნო უბნებთან.

დღის განმავლობაში სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის ხელის შეშლის რამდენიმე ფაქტი იყო. მათ შორის, რუსთავის #12.20.16 უბანთან ხუთამდე პირმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ჩვენს დამკვირვებელს. რამდენიმე უბნიდან უსამართლოდ გამოაძევეს ჩვენი და სხვა ორგანიზაციების დამკვირვებლები. რამდენიმე უბანზე კომისიის მდივანი არ იბარებდა საჩივრებს.

დღის განმავლობაში არაერთ უბანზე დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც კენჭისყრის კაბინიდან გამოსული ამომრჩეველი ბიულეტენს აჩვენებდა იქვე მდგომ პირებს. რამდენიმე უბანზე სტაციონარული ვიდეოკამერები ძალიან ახლოს იდგა საარჩევნო კაბინებთან, რითაც ასევე ამომრჩევლის ნების კონტროლის საფრთხე იქმნებოდა. რამდენიმე შემთხვევაში კომისიის წევრებმა და ამომრჩევლებმა საკუთარ შევსებულ ბიულეტენს გადაუღეს ფოტო. ზოგიერთ უბანზე კენჭისყრის კაბინაში ამომრჩეველს არაუფლებამოსილი პირები მიყვებოდნენ.

საქართველოს სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას განცხადებით, მისი აპარატის თანამშრომლებს N15 პენიტენციურ დაწესებულებაში ხმის მიცემის პროცესის დაკვირვებისა და პატიმრებთან გასაუბრების შესაძლებლობა არ მიეცათ. იყო შემთხვევა, როდესაც უბნის გადასატანი ყუთის სია შევსებული იყო პირადი ნომრების გარეშე და კომისიის წევრებმა ხელით შეავსეს ეს ინფორმაცია გადასატანი ყუთის დაბრუნების შემდეგ. საჩივრის დაწერის შემდეგ, აღნიშნული ყუთის ბიულეტენები გაბათილდა. ერთ უბანზე გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში რეგისტრირებულმა პირმა საარჩევნო უბანზეც მისცა ხმა და გადასატანი ყუთითაც. ზოგიერთ უბანზე კომისიის წევრების ფუნქციების გასანაწილებლად საჭირო წილისყრა საერთოდ არ ჩატარდა, ან ჩატარდა, მაგრამ წესების დარღვევით“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

ამასთან, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ცნობით, ბევრ უბანზე დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც საარჩევნო უბანზე იმყოფებოდნენ არაუფლებამოსილი პირები.

„მთელი ქვეყნის მასშტაბით ტენდენციის სახე ჰქონდა „კოვიდ“-ინფექციის გავრცელების საწინააღმდეგოდ მიღებული ნორმების დარღვევას. ბევრ უბანზე კომისიის წევრებს არ ეკეთათ დამცავი ფარი, ხშირ შემთხვევაში, ვერ ხდებოდა დისტანციის დაცვა, ირღვეოდა პირბადის ტარების წესები. დღის მეორე ნახევარში და განსაკუთრებით კი ბიულეტენების დათვლის დროს, ხშირ შემთხვევაში არ ხდებოდა პირბადის ტარებაც კი. ზოგიერთ უბანზე ამომრჩეველს მარკირების შემოწმების გარეშე უშვებდნენ კენჭისყრის შენობაში. ორ უბანზე ამომრჩეველს პირადობის მოწმობის გარეშე მიაცემინეს ხმა.

ბევრ უბანზე არ მუშაობდა ან საერთოდ არ იყო ასლის გადამღები აპარატი, რაც პრობლემას უქმნიდა დამკვირვებლებს შემაჯამებელი ოქმების ასლების მოპოვებაში. ამ მხრივ, განსაკუთრებით, გამოირჩეოდა ზუგდიდის ოლქი. უბნების უმრავლესობაში საარჩევნო კომისიის წევრების კვალიფიკაციის ნაკლებობა პრობლემებს უქმნიდა საარჩევნო პროცესის ყველა წესის დაცვით წარმართვას. აღნიშნული პრობლემა გამოიკვეთა როგორც კენჭისყრის პროცესში, ისე შედეგების შეჯამების დროს. შემაჯამებელ ოქმებში საბოლოო ბალანსის დასმა ბევრ უბანზე, სხვა წინა არჩევნების მსგავსად, პრობლემა იყო“, – აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ რეკომენდაციებია: სამართალდამცავმა ორგანოებმა სწრაფად და ეფექტიანად უნდა გამოიძიონ სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების შემცველი ყველა ფაქტი; ცესკომ დაყოვნების გარეშე, მაქსიმალურად სწრაფად უზრუნველყოს პირველადი წინასწარი შედეგების გამოქვეყნება, რათა არ გაჩნდეს კითხვები მის საქმიანობასთან დაკავშირებით; საჭიროა საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა კვალიფიკაციის შემდგომი ამაღლება; საარჩევნო უბნები შესაბამისი მოწყობილობებით უნდა აღიჭურვოს, რათა დაინტერესებულ მხარეებს პრობლემა არ შეექმნას საკუთარი უფლებამოსილებებთან დაკავშირებით; საარჩევნო პროცესის მიმართ სანდოობის ასამაღლებლად, საქართველოს აღმასრულებელმა და საკანონმდებლო ხელისუფლებამ უნდა დაიწყოს მუშაობა არჩევნების დღის პროცედურებში ელექტრონული საშუალების დანერგვაზე.

დატოვე კომენტარი