საერთაშორისო ფონდის პრეზენტაციაზე ახალი პროექტები წარადგინეს - მალე საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირს ვგეგმავთ #1TVSPORT
სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ „სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის“ პრეზენტაცია გაიმართა.
ფონდის მიზანია საქართველოში სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის მიმართულებით პროგრამებისა და პროექტების ხელშეწყობა, დაგეგმილია საგრანტო კონკურსების გამოცხადება დაფინანსების მოსაპოვებლად.
ფონდის პრეზიდენტია „იბერია ბიზნეს ჯგუფის“ დამფუძნებელი ტარიელ ხეჩიკაშვილი. პრეზენტაციას ფონდის სხვა დამფუძნებლები და წარმომადგენლები ესწრებოდნენ – შალვა გოგოლაძე, მუხრან შამათავა და ვასილ ლიპარტელიანი.
ტარიელ ხეჩიკაშვილი. ფონდის პრეზიდენტი, „იბერია ბიზნეს ჯგუფის“ დამფუძნებელი:
„ჩვენმა გუნდმა არაერთი პროექტი დამოუკიდებლობის შემდგომ წლებში განვახორციელეთ და მიხარია, რომ ქვეყნის სასიკეთოდ კიდევ ბევრი პროექტის განხორციელებას ისევ შევძლებთ. ჩვენ გვაქვს ბევრი შესაძლებლობა, მოვიზიდოთ როგორც ქართველი, ასევე უცხოელ ინვესტორები – სპორტული ტურიზმის კუთხით ბევრი საინტერესო პროექტია. ტურნირების გამართვა სპორტულადაც საინტერესო იქნება და ქვეყანაში შემოსავლებსაც მოიზიდავს.
მნიშვნელოვანია, რომ კერძო სექტორს ჩანაფიქრი სწორად ავუხსნათ, მაგრამ მთავარი მათი ნდობაა – აქვე ვიტყვი, რომ სახელმწიფოსგან არც ერთი თეთრი არ იქნება, თუმცა, მათთან პარტნიორობას ვაპირებთ. ჩვენ აქტივობა უკვე დავიწყეთ და დავაჯილდოვეთ მოკრივეები, უძლიერესი სპორტსმენები, სამომავლოდ ვგეგმავთ საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირს აზერბაიჯანელ მეგობრებთან ერთად, შავი ზღვის აუზისa და რეგიონული მასშტაბის სხვა საერთაშორისო ტურნირების ჩატარებას.
შალვა გოგოლაძე, ფონდის ვიცე-პრეზიდენტი:
„მიგვაჩნია, რომ ეს საქართველოში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. ფონდის პრეზიდენტი სპორტს მინისტრობამდეც გვერდში ედგა და ამის შემდეგაც იმავეს აგრძელებს. დარწმუნებული ვარ, მისი გამოცდილება ამ ფონდს სერიოზულად წაადგება, რაც სპორტს გააძლიერებს. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება სპორტული ტურიზმის მხარდაჭერა იქნება. საქართველოში ბოლო დროს 70-მდე საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა და ქვეყანა უმნიშვნელოვანეს რეგიონულ სპორტულ ცენტრად ჩამოყალიბდა. ბევრი კომპანია უკვე მხარდაჭერას უცხადებს და მჯერა, ფონდის ეს თანადგომა ქართულ სპორტს მალე დაეტყობა.