საერთაშორისო დამკვირვებლები საპრეზიდენტო არჩევნებზე რამდენიმე დარღვევის შესახებ საუბრობენ
საერთაშორისო დამკვირვებლები საპრეზიდენტო არჩევნებზე რამდენიმე დარღვევის შესახებ საუბრობენ

საარჩევნო პროცესში ჩაბმული ბევრი დაინტერესებული მხარე აღნიშნავდა, რომ მმართველი პარტია კოორდინატორთა მექანიზმს ეყრდნობოდა, რომლის მეშვეობითაც კენჭისყრის დღემდე გროვდება ამომრჩეველთა პირადი მონაცემები და შესაბამისად დგება „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატების მომხრეთა სავარაუდო სია,- ამის შესახებ აღნიშნულია საერთაშორისო დამკვირვებლების ანგარიშში, რომელიც დღეს, სასტუმრო „რედისონში“ წარადგინეს.

„ქართული ოცნების“ ზოგიერთი წევრი ღიად საუბრობს ამ პრაქტიკაზე. ODIHR სადამკვირვებლო მისიამ სანდო ინფორმაციაზე დაყრდნობით დაადგინა, რომ მსგავსი სიების წარმოდგენას საჯარო უწყებების მოხელეებსაც სთხოვენ“,- აღნიშნულია ანგარიშში.

საერთაშორისო დამკვირვებლები აცხადებენ, რომ საარჩევნო კოდექსის მოთხოვნათა მიხედვით, ეს აკრძალულია.

„მიუხედავად იმისა, რომ ამომრჩეველთა ხმის კონფიდენციალურობა უზრუნველყოფილი უნდა იყოს, ზეწოლის მსგავსი შემთხვევები შეშფოთების საგანია, რადგან საჯარო სექტორში დასაქმებულებს დასჯის შიშის გამო ეზღუდებათ თავისუფალი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა, რაც ეუთო-ს ვალდებულებითა და საერთაშორისო სტანდარტებით არის გათვალისწინებული“,- აღნიშნულია საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილ ანგარიშში.

ამასთან, მათივე ინფორმაციით, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის თვალთახედვის არეში მოექცა მაღალჩინოსანთა თანამდებობის პირების მიერ სამთავრობო უწყებების ვებგვერდების წინასაარჩევნო კამპანიის მიზნებისთვის გამოყენებისა და საჯარო უწყებების თანამშრომელთა მიერ სამუშაო საათებში წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის ფაქტები.

„მიუხედავად იმისა, რომ კანონით არ არის აკრძალული, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლებმა დააფიქსირეს, რომ მერები, გუბერნატორები, „ქართული ოცნების“ წევრი პარლამენტარები, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ კანდიდატის მიერ ჩატარებულ თითქმის ყველა შეკრებას ესწრებოდნენ.

აღნიშნული ფაქტები ბუნდოვანს ხდის ზღვარს სახელმწიფოსა და ხსენებულ პარტიას შორის, რაც არ შეესაბამება ეუთო-ს, ევროპის საბჭოს ვალდებულებებსა და ამ კუთხით მსოფლიოში არსებულ პრაქტიკას“,- აღნიშნულია საერთაშორისო დამკვირვებლების ანგარიშში.

დღეს, სასტუმრო „რედისონში“ ეუთო-ს, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეისა და ევროპარლამენტის საერთაშორისო დამკვირვებლებმა არჩევნების ჩატარების შესახებ წინასწარ მოხსენება წარადგინეს.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის, მარგარეტა სედერფელტის განცხადებით, საქართველოში ბევრი რამ გაკეთდა საარჩევნო პროცესის გასაუმჯობესებლად.

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა რასა იუკნევიჩენემ აღნიშნა, რომ საქართველო იყო და კვლავ რჩება დემოკრატიული გარდაქმნის დადებითი მაგალითი.

ამასთან, საერთაშორისო დამკვირვებლები წუხილს გამოთქვამენ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობის საშუალება არ მიეცათ.

დამკვირვებლების ანგარიშში აღნიშნულია, რომ საპრეზიდენტო არჩევნები კონკურენტულ გარემოში ჩატარდა და მაღალპროფესიულ დონეზე იყო ადმინისტრირებული.