სადებიუტო მატჩი - ინჯგიამ „კრილიაში“ ითამაშა
სადებიუტო მატჩი - ინჯგიამ „კრილიაში“ ითამაშა
რევაზ ინჯგიამ სამარას „კრილია სოვეტოვის“ შემადგენლობაშია სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა. 18 წლის ქართველი თავდამსხმელი რუსული პრემიერლიგის გუნდს თურქულ შეკრებაზე ახლავს და სეზონისთვის ემზადება.
 
„კრილია სოვეტოვი“ საკონტროლო შეხვედრაში იურმალას „სპარტაკს“ შეხვდა და 4:1 დაამარცხა. საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების თავდამსხმელი მოედანზე მეორე ტაიმში, 61-ე წუთზე გამოჩნდა.
რეზი ინჯგია რუსულ კლუბში გასინჯვაზე იმყოფება და მისი დარჩენის საკითხი პირველი შეკრების შემდგე უნდა გადაწყდეს. საქართველოს პირველ არხთან ინჯგიამ განაცხადა, რომ მატჩის შემდეგ მისი თამაშით „კრილია სოვეტოვის“ მწვრთნელები და გუნდის სპორტულმა დირექტორი კმაყოფილები დარჩნენ.
„ყველამ აღნიშნა, რომ პირველივე შეხვედრა კარგად ჩავატარე. ეს გუნდის სპორტულმა დირექტორმა და მწვრთნელებმა მითხრეს. სულ ნახევარი საათი ვითამაშე, მაგრამ ჩემი შესვლის შემდეგ ორი გოლი გავიდა. სისწრაფეში თამაშს ვამწვავებდი და რამდენიმე გადაცემა გავაკეთე. „კრილია სოვეტოვში“ ჩემი დარჩენის საკითხი პირველი შეკრების შემდეგ გაირკვევა. მთავარი ისაა, რომ ყველაფერი კარგად მიდის და იმედიანად ვარ“ – ამბობს საქართველოს პირველ არხთან რეზი ინჯგია.