ქეცბაიას „ანორთოსისმა“ კაცნაკლული მეტოქე ვერ დაამარცხა - ინჯგიამ ლიდერის შემადგენლობაში ითამაშა #1TVSPORT
ქეცბაიას „ანორთოსისმა“ კაცნაკლული მეტოქე ვერ დაამარცხა - ინჯგიამ ლიდერის შემადგენლობაში ითამაშა #1TVSPORT

თემურ ქეცბაიას „ანორთოსისისმა“ კვიპროსის ჩემპიონატის მე-20 ტურის მატჩი გასვლაზე „პაფოსთან“ ჩაატარა და მორიგი სამი ქულის მოპოვების მშვენიერი შანსი ხელიდან გაუშვა.

ანგარიში მე-11 წუთზე „ანორთოსისმა“ გახსნა. „პაფოსის“ კარი ეფექტური თავური დარტმით მილოშ დელეტიჩმა აიღო. მე-18 წუთზე კი ფამაგუსტელთა კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც ფინეთის ნაკრების თავდამსხმელმა ონი ვალაკარიმ შეასრულა – „ანორთოსისის“ მეკარემ, გიორგი ლორიამ დარტყმის მიმართულება გამოიცნო, მაგრამ მოგერიება ვერ შეძლო.

პაფოსის“ ფინელმა თავდამსხმელმა გოლის გატანიდან ოთხ წუთში წითელი ბარათი მიიღო და დარჩენილი 68 წუთი ქეცბაიას გუნდს რიცხობრივი უპირატესობა ჰქონდა. „ანორთოსისი“ ბევრს უტევდა და ბევრი საგოლე შანსი ჰქონდა, მაგრამ კაცნაკლულ მეტოქეს მეორედ ვეღარ გაუტანა და თამაში ფრედ დასრულდა – 1:1.

„მატჩის მსვლელობისას ჩვენ მოგება ხელიდან გავუშვით. ფეხბურთელებთან პრეტენზია არ მაქვს. რეალური საგოლე შანსები გვქონდა, მაგრამ სამწუხაროდ, გამარჯვების შესანიშნავი შესაძლებლობებით ვერ ვისარგებლეთ“, – განაცხადა თემურ ქეცბაიამ.

უფრო წარმატებული გამოდგა ტური რეზი ინგჯიასთვის, რომელიც კვიპროსის ჩემპიონატის ლიდერ „აპოლონში“ ჯერ შეცვლაზე თამაშობდა, ახლა კი „ოლიმპიაკოსთან“ გერმანელი მთავარი მწვრთნელი ალეკსანდერ ზორნიგერი ენდო და ძირითად შემადგენლობაში დააყენა.

21 წლის ქართველმა თავდამსხმელმა 70 წუთი ითამაშა და შეცვალეს. „აპოლონმა“ 2:1 მოიგო და 38 ქულით გათამაშების ლიდერია, თემურ ქეცბაიას „ანორთოსისი“ კი (28 ქულა) მე-6 პოზიციას იკავებს.