ჯონდი ბაღათურიამ საჩხერეში „მიგრანტთა პაქტის“ წინააღმდეგ აქცია გამართა
ჯონდი ბაღათურიამ საჩხერეში „მიგრანტთა პაქტის“ წინააღმდეგ აქცია გამართა

„ქართული დასის“ ლიდერმა, ჯონდი ბაღათურიამ საჩხერეში „მიგრანტთა პაქტის“ წინააღმდეგ აქცია გამართა.

ჯონდი ბაღათურიას განცხადებით, საქართველოს მთავრობა შეუერთდა გაერო-ს მიგრანტთა პაქტს, რითაც საქართველოში მიგრანტთა შეუზღუდავი რაოდენობით და შეუფერხებლად გადმოსახლების ვალდებულება აიღო. ჯონდი ბაღათურიას განცხადებით, აქციის მიზანია საზოგადოების ინფორმირებულობა იმ რისკების შესახებ, რომელსაც შეიცავს გაერო-ს მიგრანტთა პაქტი.

„ეს არის პირველი აქცია საჩხერეში. გვექნება საინფორმაციო აქციათა ციკლი მიგრანტთა პაქტის წინააღმდეგ. ჩვენი მთავარი მოთხოვნა არის, მთავრობა გაემიჯნოს პოლიტიკურ თანხმობას, რომლის მიხედვითაც მთავრობამ აიღო ვალდებულება, აზიისა და აფრიკის ღარიბი ქვეყნებიდან მიგრანტების შეუზღუდავად და შეუფერხებლად გადმოსახლების. თუ ეს არ შეჩერდა, ადგილობრივ მოსახლეობასთან დაპირისპირებას გამოიწვევს“,-განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.

ჯონდი ბაღათურიას განცხადებით, 16 მარტს თბილისში, პარლამენტის შენობის წინ იგეგმება საპროტესტო აქცია, რომელსაც საჩხერის მცხოვრებლებიც შეუერთდებიან.