საჭადრაკო ოლიმპიადისთვის მზადება დასკვნით ეტაპზეა
საჭადრაკო ოლიმპიადისთვის მზადება დასკვნით ეტაპზეა

ბათუმში გასამართი მასშტაბური სპორტული ღონისძიების მასპინძლობისთვის მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსი შენდება, რომელიც ორ დიდ დარბაზს მოიცავს(2500 კაციანი და 500 კაციანი).

ასევე ინტენსიურად მიმდინარეობს ახალი ყინულის არენის მშნებლობა, რომელიც ჭადრაკის მსოფლიო ოლიმპიადის მსვლელობისას დამატებით სივრცედ იქნება გამოყენებული.  მოწესრიგდება სპორტის სასახლის ირგვლივ არსებული ინფრასტრუქტურა. მშენებლობის პროცესი დღეს “ფიდეს” მაღალჩინოსნებმა მოინახულეს. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარიძე და ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი ზურაბ აზმაიფარაშვილი.

ბათუმში სპორტული კომპლექსის მშენებლობა 2016 წლის ოქტომბერში დაიწყო და რამდენიმე თვეში დასრულდება. ანალოგიური პროექტები ხორციელდება გორსა და თელავში. სამივე კომპლექსის საერთო ღირებულება კი 33 მილიონ 850 ათასი დოლარია.

მსოფლიოს 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადა ბათუმში 23 სექტემბრიდან 6 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება და მასში მონაწილეობას 180-ზე მეტი ქვეყნის 4 000-მდე მოჭადრაკე და ოფიციალური პირი მიიღებს.

ოლიმპიადის გახსნის ცერემონია შეკვეთილში, „ბლექ სი არენაზე“ გაიმართება.