საჭადრაკო ოლიმპიადის კეთილი ნების ელჩი, მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი და სწრაფ ჭადრაკში მსოფლიოს ჩემპიონი ვიშვანათან ანანდი იქნება
მსოფლიო 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის „ბათუმი 2018“-ის წარდგენის ოფიციალური ცერემონია დღეს გაიმართა.
„ბათუმი 2018“-ის პრეზენტაციის საპატიო სტუმარი ოლიმპიადის კეთილი ნების ელჩი, მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი და სწრაფ ჭადრაკში მსოფლიოს ჩემპიონი ვიშვანათან ანანდი იქნება. საგანგებოდ პრეზენტაციისთვის თბილისს ფიდე-ს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი გეორგიოს მაკროპულოსი ეწვია.
სასტუმრო „ბილტმორის“ კონგრეს-ჰოლში საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადა „ბათუმი 2018“ დღეს უკვე ოფიციალურად წარადგინა.
ოლიმპიადის მნიშვნელობაზე ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტმა ზურაბ აზმაიფარაშვილმა და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი გიორგაძემ ისაუბრეს.
43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის ოფიციალური წარდგენის დასრულების შემდეგ ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტმა ზურაბ აზმაიფარაშვილმა და საჭადრაკო ოლიმპიადის კეთილი ნების ელჩმა ვიშვანათან ანანდიმ გიგანტურ საჭადრაკო დაფაზე სიმბოლური სვლა გააკეთეს.
43-ე საჭადრაკო ოლიმპიადა ბათუმში 23 სექტემბრიდან 6 ოქტომბრამდე გაიმართება.
უდიდეს სპორტულ ფორუმზე დასასწრებად საქართველოს 189 ქვეყნის 4 ათასამდე სტუმარი ეწვევა.
ბათუმმა ოლიმპიადის მასპინძლობის უფლება 2014 წელს, ნორვეგიის ქალაქ ტრომსოში გამართულ ფიდე-ს გენერალურ ასამბლეაზე მოიპოვა, სადაც 93 ხმა მიიღო, კონკურენტმა დურბანმა (სამხრეთ აფრიკა) კი – 58.