„საბურთალოში“ კონგოს ნაკრების შემტევს აკვირდებიან
„საბურთალოში“ კონგოს ნაკრების შემტევს აკვირდებიან

საბურთალომ” თურქეთში მესამე ამხანაგურ მატჩში რუსეთის პირველი ლიგის მესამეადგილოსანი „ორენბურგი“ 2:1 დაამარცხა. ამ შეხვედრაში თბილისური გუნდის ფორმით ახალწვეულმა ითამაშა.

„რუსულ გუნდთან მატჩის ბოლოს 15 წუთი მოედანზე მაიკლ ჯორდან ნკოლოლო გამოჩნდა, რომელმაც თბილისური კლუბის შემადგენლობაში რამდენჯერმე ივარჯიშა. დარჩება თუ არა „საბურთალოში” კონგოელი ფეხბურთელი, რომელიც საფრანგეთის მოქალაქეა, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი“, – იუწყება „საბურთალოს“ პრესსამსახური.

28 წლის ფეხბურთელს შეუძლია ითამაშოს შემტევი ნახევარმცველისა და თავდამსხმელის პოზიციებზე. კარიერის განმავლობაში სხვადასხვა გუნდის ფორმა მოურგია – კარიერის დიდი ნაწილი საფრანგეთში გაატარა. საუკეთესო წლები კი „კაენს” დაუკავშირა. ასევე უთამაშია ფრანგურშატორუში“, „კლერმონში“, ხორვატიის „ისტრასა” და რუმინეთის „ჰერმანშტადში”. ბოლოს ლატვიის „რიგაში” თამაშობდა.

ჯორდანს 2015 წლიდან კონგოს ნაკრებში იწვევდნენ და ეროვნულ გუნდში 6 თამაში ჩაატარა და აქედან 2-ჯერ შეძლო გოლის გატანა. 28 წლის ფეხბურთელი ბოლოს ნაკრებში 2020 წელს მიიწვიეს, როდესაც კონგო მაროკოს დაუპირისპირდა.