„საბურთალოს“ სერბი მწვრთნელი - გამიხარდა, კვლავ საქართველოში რომ ჩამოვედი
„საბურთალოს“ სერბი მწვრთნელი - გამიხარდა, კვლავ საქართველოში რომ ჩამოვედი

„საბურთალოს“ფიზმომზადების ახალმა მწვრთნელმა, სერბმა მილოვან მატიასევიჩმა გუნდში მოხვედრაზე, საბურთალოელთა მზადებასა და მოთამაშეთა მდგომარეობაზე ილაპარაკა.

„საქართველოში ჩამოსვლით მოხარული ვარ. მთავარ მწვრთნელთან, ლევან კორღალიძესთან მეგობრული ურთიერთობა მქონდა, რადგან რუსთავის „მეტალურგში“ ერთად ვმუშაობდით – ის მაშინ ფეხბურთელი იყო. კორღალიძემ იცის ჩემი შესაძლებლობები. შემომთავაზა კლუბში მუშაობა, რაზეც სიამოვნებით დავთანხმდი. საერთოდ, საქართველოსთან და ქართველებზე კარგი მოგონებები მაკავშირებს. აქ ხალხი წესიერებით გამოირჩევა. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში ექვსი წელი ვმუშაობდი, ადაპტაცია ნამდვილად არ გამჭირვებია. თითქმის ყველა გუნდში ბევრი მეგობარი მყავს. ქართული ფეხბურთსაც კარგად ვიცნობ. მქონდა გარკვეული წარმატებებიც, რითაც მოხარული ვარ“, – ამბობს მატიასევიჩი.

მან „საბურთალოც“ დაახასიათა და მზადების გეგმებიც ახსენა: „ვიცოდი, რომ „საბურთალოს“ მშვენიერი აკადემია ჰქონდა და პირველ გუნდს ბევრი ფეხბურთელი გაუზარდა, რომლებიც მერე ევროპაში წავიდნენ. გუნდში ახლაც ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი იზრდება, რომელთაც მაღალ დონეზე თამაში შეუძლიათ. ახლა ფეხბურთელები გამძლეობაზე ვარჯიშობენ, რაც აუცილებელია. ამავდროულად, სატრენაჟორო დარბაზსაც სისტემატურად ვიყენებთ. მეორე ეტაპზე აქცენტი სისწრაფეზე, ძალასა და გამძლეობაზე გვექნება. პარალელურად ოთხ საკონტროლო შეხვედრას ვითამაშებთ. მესამე და მზადების დამამთავრებელი ეტაპი ამ ყველაფრის განახლება და ჩემპიონატისთვის საბოლოოდ მომზადება იქნება“.