„საბურთალოს” მწვრთნელი - ევროპის ლიგის შემდეგ ეტაპზე გასვლას შევეცდებით
„საბურთალოს” მწვრთნელი - ევროპის ლიგის შემდეგ ეტაპზე გასვლას შევეცდებით

საქართველოს ჩემპიონი „საბურთალო“ ზაგრების „დინამოსთან“ ანგარიშით 0:3 დამარცხდა და ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოეთიშა.

განვლილი შეხვედრა „მაქსიმირის“ სტადიონზე გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ჩემპიონის მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა შეაფასა.

„ვერ ვიტყვი, რომ წაგება ფიზიკური მომზადების ბრალია. ეს მენტალური პრობლემების შედეგი უფროა. „შერიფთან“ გუნდი საერთოდ არ დაღლილა, რადგან გავიტანეთ. ხორვატებმა კი, ორივე შეხვედრაში გვაჯობეს და ვერ გავიტანეთ, იმიტომ, რომ თამაშის დონით ზაგრების „დინამო“ უკეთესი გუნდია. ჩვენ დღეს ბრძოლა წავაგეთ, მაგრამ წინ ომი გვაქვს. ძალიან რთულია, ზაგრების „დინამოსთან“ თამაშის დროს ევროპა ლიგის სავარაუდო მეტოქეზე იფიქრო. ახლა გვაქვს დრო, რომ მეტოქის, „არარატ არმენიას“ თამაში ვნახოთ და გავაანალიზოთ, რა დონის გუნდია. მაგრამ როგორი მეტოქეც უნდა იყოს, შევეცდებით, შემდეგ ეტაპზე გავიდეთ“, – ამბობს გიორგი ჭიაბრიშვილი.

ჩემპიონთა ლიგის გათამაშების საკვალიფიკაციო ეტაპიდან გამოვარდნის მიუხედავად, „საბურთალო“ ევროსეზონს აგრძელებს და ევროპის ლიგაზე გადაერთვება, სადაც მესამე წრეში სომხეთის ჩემპიონს, ერევნის „არარატ არმენიას“ შეხვდება. პირველი მატჩი ერევანში 8 აგვისტოს შედგება, ხოლო განმეორებით მატჩს თბილისი 15 აგვისტოს უმასპინძლებს.