„საბურთალოს“ მატჩი ცსკ-თან ჩაიშალა
„საბურთალოს“ მატჩი ცსკ-თან ჩაიშალა
თბილისის „საბურთალოს“ ესპანურ შეკრებაზე მორიგი საკონტროლო შეხვედრა ჩაეშალა – მიზეზი მეტოქის თხოვნა გახდა – ინფორმაციას „საბურთალოს“ ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
საქმე ისაა, რომ საქართველოს თასის მფლობელმა ცხრა თებერვალს სპარინგ-მატჩი მოსკოვის ცსკ-სთან დაგეგმა.
„მატჩი მეტოქე გუნდის თხოვნით აღარ ჩატარდება. წერილში, რომელიც ჩვენმა კლუბმა ცსკა-სგან მიიღო, ნათქვამია, რომ რუსულ კლუბს ცხრა თებერვალს „ზენიტთან“ უწევს ამხანაგური შეხვედრა, ასევე გუნდს შეეცვალა გეგმები, რის გამოც ამხანაგური მატჩის გაუქმება უწევს. „არმიელები“ ბოდიშს იხდიან აღნიშნული ფაქტის გამო და იმედს გამოთქვამენ, რომ მომავალში გამართავენ ჩვენთან სპარინგ-მატჩს” – წერია „საბურთალოს” განცხადებაში.
„საბურთალოს“ მომდევნო სპარინგ-მეტოქე მოგვიანებით გაირკვევა. დასკვნით ამხანაგურ მატჩს გუნდი გეგმის მიხედვით 13 თებერვალს, ესპანურ „ალკოიანოსთან“ გამართავს.