თბილისის „საბურთალოს“ ახალწვეულმა, ჰოლანდიელმა ჟეროენ ლუმუმ საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.
„მადლობა კლუბს, ამ ნდობისთვის. ვიცი, რომ „საბურთალო“ საქართველოს ჩემპიონი იყო და თასის მოქმედი მფლობელია. შევეცდები, 2020 წელს გუნდს ყველა ტიტულის მოპოვებაში დავეხმარო და გავამართლო ის იმედები, რომელიც ჩემს ჩამოყვანას უკავშირდება. ჩემთვის განსაკუთრებით სტიმული ისაა, რომ გუნდი ევროპის ლიგაზე ითამაშებს” – ამბობს ჟეროენ ლემუ.
თბილისის „საბურთალოს“ ახალწვეული, ჰოლანდიელი ჟეროენ ლუმუ ჰოლანდიის 17-წლამდე ნაკრებთან ერთად 2012 წლის ევროპის ჩემპიონი გახდა. ნახევარფინალში ჰოლანდიელებმა საქართველის 17-წლამდელთა ნაკრები დაამარცხეს, რომელიც ამ ტურნირზე ბრინჯაოს მედალოსანი გახდა.
ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა საქართველოს პირველ არხთან ეს მატჩიც გაიხსნა: „სხვათა შორის, კარგად მახსოვს საქართველოს ნაკრები, რომელსაც 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე შევხვდით. ქართველები ტექნიკური და ნიჭიერი მოთამაშეები არიან“.
ჰოლანდიელმა მარჯვენა შემტევმა თბილისურ კლუბთან 1+1 ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. ფეხბურთელი უკვე თბილისშია და გუნდთან ერთად ვარჯიშობს. მისი ბოლო კლუბი პორტუგალიური „აროუკა“ იყო, ხოლო მანამდე მას უთამაშია ჰოლანდიურ „ვილემ II“-ში, „ჰერენვენში“ და „დორდრეხტში“, ავსტრიულ „ზანქტ პიოლტენში“, თურქულ „სამსუნსპორში“, რუმინულ „პეტროლულსა“ და ბულგარული „ლუდოგორეცში“.