„საბურთალოს“ დირექტორი - გაბედავას ხელი არ შევუშალეთ, ახალგაზრდებს მეტი შანსი მიეცემათ
„საბურთალოს“ აღმასრულებელი დირექტორმა, კახა კაშიამ გიორგი გაბედავას წასვლაზე ილაპარაკა. მისი თქმით, კლუბმა გამოცდილ თავდამსხმელს უცხოეთში წასვლაში ხელი არ შეუშალა.
„ჩვენი კლუბი 2-კვირიან კარანტინზეა გადასული, გაბედავას კი კონტრაქტი სწორედ ამ პერიოდში, ერთ კვირაში უსრულდებოდა. გაბედავამ გვითხრა, რომ ყაზახეთიდან შემოთავაზება მიიღო. ერთი კვირით მის დარჩენას აზრი არ ჰქონდა და მოთამაშის სურვილი გავითვალისწინეთ“, – ამბობს საქართველოს პირველ არხთან კახა კაშია.
ამავე დროს, „საბურთალოს“ აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ გაბედავას წასვლა ნიჭიერი ახალგაზრდების დაწინაურებას შეუწყობს ხელს.
„ჩვენი სატრანსფერო პოლიტიკა ნიჭიერი ახალგაზრდების დაწინაურებას ითვალისწინებს. იანვარში „საბურთალომ“ კონტრაქტი სწორედ ამიტომ გაუფორმა ეროვნული ლიგის ერთ-ერთ საუკეთესო თავდამსმხელს, ბექა ქავთარაძეს. ბექა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრია და ერთ-ერთი გამორჩეული წვერია. ამავე დროს, ახალგაზრდული გუნდიდან 19-წლამდელთა ნაკრების შემტევი გიორგი გულიაშვილი დავაწინაურეთ. ჩვენი აზრით, ამ აგრესიული ფლანგის ფეხბურთელებს შეუძლიათ, შეტევას მეტი სიმწვავე შემატონ“, – ახადებს კაშია.