„საბურთალოს“ აღმასრულებელი დირექტორი - ჩვენი ფეხბურთელებით ევროპელები დაინტერესდნენ
„ჩვენი მოთამაშეებით ევროპული კლუბები დაინტერესდნენ, მაგრამ არსებული ვითარება მათ პრობლემას უქმნის“, – განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე „საბურთალოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა კახა კაშიამ.
მან მოთამაშეთა გვარები და შექმნილი პრობლემების მიზეზები დაასახელა: „დასამალი არაა, რომ ჩვენს ზოგიერთ მოთამაშეს დიდი ხანია აკვირდებიან. განსაკუთრებულ ინტერესს ნიკა მალის და გიორგი კოხრეიძის მიმართ ავლენენ. თუმცა, პანდემიამ საფეხბურთო კლუბებს მთელ მსოფლიოში პრობლემები შეუქმნა – ყველა მათგანს ბიუჯეტების და სატრანსფერო თანხების შემცირება მოუხდა. „საბურთალოს“ ფეხბურთელების თაობაზე მოლაპარაკებები ამის გამო შეყოვნდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შეწყდა. ვითარება ადრე თუ გვიან დალაგდება და ამ საკითხს ისევ დავუბრუნდებით“.
კაშიას თქმით, „საბურთალომ“ პანდემიის პერიოდის შედარებით უმტკივნეულოდ გადატანა მოახერხა: „მთავრი იყო, ძირითადი შემადგენლობის ბირთვი შეგვენარჩუნებინა. საბედნიეროდ, ეს შევძელით. ახლა მნიშვნელოვანია, რომ გუნდური ვარჯიშები დავიწყოთ. სავარაუდოდ, ამის უფლება გუნდების მოთამაშეთა სრული ტესტირების შემდეგ მოგვეცემა“.