„საბურთალომ“ თავდამსხმელი ლატვიიდან დაიმატა
„საბურთალომ“ თავდამსხმელი ლატვიიდან დაიმატა

26 წლის თავდამსხმელი გიორგი ერისთავი „საბურთალოში“ ითამაშებს – ინფორმაცია თბილისური კლუბის პრესსამსახურმა გაავრცელა.

ერისთავი „გაგრას“ აღზრდილია. 2013-2014 წლებში „სამტრედიაში“ თამაშობდა, იყო თბილისის „დინამო-2“-ის (2014) მოთამაშე, გორის „დილაში“ საქართველოს ჩემპიონი გახდა (2014-16). უთამაშია ასევე „თელავსა“ და „ლიეპაიაში“, ბოლოს კი ლატვიური „ვენტსპილსის“ ღირსებას იცავდა. იყო საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი.

ლატვიურ კლუბ „ვენტსპილსში“ გიორგი „თელავიდან“ 2020 წელს გადავიდა. პანდემიის გამო კლუბს ფინანსური პრობლემები შეექმნა და ერისთავმა კონტრაქტი გაწყვიტა, ისევე როგორც გიგი მჭედლიშვილმა და გიორგი რეხვიაშვილმა.

ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ერისთავი „საბურთალოს“ პირველი ტრანსფერი არაა. გუნდმა სატრანსფერო ბაზარზე აქტიურად დაიწყო მუშაობა და კონტრაქტი კიდევ რამდენიმე მოთამაშესთან გააფორმა – „სამტრედიას“ 26 წლის ცენტრალურ მცველ გიორგი ჯგერენაიასთან, გორის „დილას“ 25 წლის ფლანგის მცველ გიორგი ლაცაბიძესთან და ეროვნული ლიგა 2-ის საუკეთესო ბომბარდირთან, „რუსთავის“ თავდამსხმელ თომა ტაბატაძესთან.