„საბურთალომ“ მზადება დაიწყო - გუნდმა ტესტ-მატჩები უცხოელებთან დაგეგმა #1TVSPORT
„საბურთალომ“ მზადება დაიწყო - გუნდმა ტესტ-მატჩები უცხოელებთან დაგეგმა #1TVSPORT

„საბურთალოს“ შესვენება დაუსრულდა და სეზონის განახლებისთვის მზადება დაიწყო, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ხვიჩა შუბითიძემ კი საკონტროლო შეხვედრები დაგეგმა.

ძირითად გუნდთან ერთად, სეზონის განახლებისთვის, „საბურთალო II“-ის 6 ფეხბურთელი, გეგი გეგუჩაძე, გიორგი კვერნაძე, ანდრია დევდარიანი, გიზი მამაგეიშვილი, ოთო მამაგეიშვილი და ზუკა რუხაძე ემზადება. ორი მათგანი ცნობილი მწვრთნელების შვილები არიან – გეგი გეგუჩაძე ბათუმის „დინამოს“ მწვრთნელის, გია გეგუჩაძის ვაჟია, ხოლო ანდრია დევდარიანი – „საბურთალოსა“ და საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების ყოფილი დამრიგებლის, გიორგი დევდარიანის ვაჟია.

„საბურთალო“ მიმდინარე პაუზაზე ოთხ ამხანაგურ მატჩს გამართავს. სამი მეტოქე უკვე ცნობილია, ერთიც მოგვიანებით დაზუსტდება. აღსანიშნავია, რომ სამივე დადგენილი სპარინგი უცხოურ გუნდებთან იქნება – თბილისში შეკრების ჩატარება ორმა აზერბაიჯანულმა (საბაჰი,საბაილი) და ერთმა სომხურმა (პიუნიკი) გუნდმა გადაწყვიტა.

„საბურთალოს“ ტესტ-მატჩების განრიგი

20 ივლისი

საბურთალო – პიუნიკი (ერევანი, სომხეთი)

24 ივლისი

მეტოქე მალე გაირკვევა

28 ივლისი

საბურთალო – საბაჰი (ბაქო, აზერბაიჯანი)

1 აგვისტო

საბურთალო – საბაილი (ბაქო, აზერბაიჯანი)

ეროვნული ლიგის გათამაშებას „საბურთალო“ 8 აგვისტოს განაახლებს. 22-ე ტურში ხვიჩა შუბითიძის გუნდი „დინამო თბილისს“ დაუპირისპირდება – შეხვედრა „დინამო არენაზე“ 19:00 საათზე დაიწყება.