„საბურთალო“ „თელავთან“ მატჩისთვის გუგა ნერგაძემ მოამზადა #1TVSPORT
„საბურთალო“ „თელავთან“ მატჩისთვის გუგა ნერგაძემ მოამზადა #1TVSPORT

„საბურთალო“ ეროვნულ ლიგაში „თელავთან“ გასამართი მატჩისთვის მთავარი მწვრთნელის, ომარ თეთრაძის გარეშე მოემზადა.

ცნობილი გახდა, რომ წყალტუბოს „სამგურალთან“ თამაშის შემდეგ გამოცდილი სპეციალისტი გუნდს აღარ ავარჯიშებს. ეს, ფაქტობრივად, თავად „საბურთალომ“ დაადასტურა. „თელავთან“ მატჩისწინა ვარჯიშის ამსახველ სურათებზე ომარ თეთრაძე არ ჩანს. საწვრთნელ პროცესს კი მისი ასისტენტი გუგა ნერგაძე წარმართავდა.

„საბურთალო“ ეროვნული ლიგის მეორე წრის შემდეგ მეორე ადგილზე იყო, მაგრამ მესამე წრეში თბილისელებმა კარგი შედეგები ვერ აჩვენეს – 4 შეხვედრა წააგეს, 2 მოიგეს და 1 ფრედ დაასრულეს, სატურნირო ცხრილში კი მესამე ადგილზე დაქვეითდნენ.

„საბურთალო“ ეროვნული ლიგის 26-ე ტურის შეხვედრას „თელავთან“ 24 სექტემბერს გამართავს. მატჩი მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე 20:00 საათზე დაიწყება. ვინ გაიყვანს გუნდს მოედანზე, ჯერ უცნობია.