„საბურთალო“ ორმა ლეგიონერმა დატოვა - კლუბის დირექტორი ახალი მწვრთნელის დანიშვნის ვადას ასახელებს
„საბურთალო“ ორმა ლეგიონერმა დატოვა - კლუბის დირექტორი ახალი მწვრთნელის დანიშვნის ვადას ასახელებს

საქართველოს პირველ არხთან „საბურთალოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, კახა კაშიამ განაცხადა, რომ კლუბი სამიდან ორმა ლეგიონერმა დატოვა.

„კლუბში ლეგიონერებიდან მხოლოდ ელვინ ტერა დარჩება. ის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე იყო. რაც შეეხებათ ინტერს გიის და ოგნიენ როლოვიჩს, მათ კონტრაქტის ვადა ამოეწურათ და დარჩენა არ შეგვითავაზებია“- ამბობს საქართველოს პირველ არხთან კახა კაშია.

გავრცელდა ხმები, თითქოს, გუნდის მცველს, ნიკა მალს ზაგრების „დინამო“ იწვევს. „საბურთალოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა კომენტარი ამ და სხვა სატრანფერო სიახლეებზეც გააკეთა: „მალით ხორვატები ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრის შემდეგ დაინტერესდნენ, მაგრამ „საბურთალოსთვის“ ოფიციალური წინადადებით არ მოუმართავთ. ნიკას მიმართ ინტერესს სხვა კლუბებიც იჩენენ. ასევე დიდ ყურადღებას აქცევენ გიორგი კოხრეიძეს – ორივე მათგანს კლუბშიც აკვირდებოდნენ და საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებშიც. ყველაფერი დეკემბერში გაირკვევა“.

კახა კაშიას თქმით, „საბურთალოს“ მთავარი მწვრთნელის საკითხი მალე გადაწყდება: „ალბათ, „საბურთალოს“ ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა დეკემბრის ბოლომდე გაირკვევა. ეს დროზე უნდა გადაწყდეს, მომავალი წლისთვის მზადების გეგმა რომ შევათანხმოთ,. რადგან ეს საკითხები მთავარი მწვრთნელის კომპეტენციაა“.