საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე ბრალდებულ თემურ ჯანაშიას ადვოკატი ბექა ბასილაია ვეღარ დაიცავს
საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე ბრალდებულ თემურ ჯანაშიას ადვოკატი ბექა ბასილაია ვეღარ დაიცავს

საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე ბრალდებულის, თემურ ჯანაშიას ადვოკატი ბექა ბასილაია ვეღარ იქნება.

როგორც დღეს გამართულ სხდომაზე გახდა ცნობილი, სააპელაციო სასამართლომ გაძევებული ადვოკატის ბექა ბასილაიას შუამდგომლობა, სხდომაზე დაბრუნების შესახებ, არ დააკმაყოფილა, თუმცა მისთვის დაკისრებული ჯარიმის გადაწყვეტილება გააუქმა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ბადრი კოჭლამაზაშვილმა მხარეებს დღევანდელ სხდომაზე გააცნო.

ბრალდებულმა ჯანაშიამ ამის შემდეგ კიდევ ერთი შუამდგომლობა დააყენა, რომ ბასილაია მოსამართლეს სხდომაზე დაებრუნებინა, თუმცა კოჭლამაზაშვილმა ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

თემურ ჯანაშიას განცხადებით, ჯერ არ გადაუწყვეტია, აიყვანს თუ არა სხვა ადვოკატს. მისი თქმით, ამას მომავალ სხდომამდე გადაწყვეტს, რომელიც 21 თებერვალს ჩაინიშნა. სწორედ 21 თებერვალს იგეგმება ბრალდების მხარის მოწმის, ფინანსთა ყოფილი მინისტრის კახა ბაინდურაშვილის დაკითხვის გაგრძელება.

ბექა ბასილაია დაუმორჩილებლობის მოტივით, მოსამართლემ წინა სხდომაზე გააძევა. ადვოკატმა ეს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

პროკურატურა ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროს თემურ ჯანაშიას სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილ ცხრა მილიონამდე ლარის გაფლანგვას ედავება.