საბერძნეთში კერძო ტელეკომპანია Skai-ს ოფისთან აფეთქება მოხდა
საბერძნეთში კერძო ტელეკომპანია Skai-ს ოფისთან აფეთქება მოხდა

საბერძნეთში კერძო ტელეკომპანია Skai-ს ოფისთან აფეთქება მოხდა. სააგენტო Associated Press-ის ცნობით, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა შენობა მნიშვნელოვნად დაზიანდა.

აფეთქება ათენის სანაპირო რაიონში გვიან ღამით, ადგილობრივი დროით 02:35 საათზე მოხდა. მანამდე ტელეკომპანიაში ბომბის არსებობის შესახებ სატელეფონო ზარი შევიდა, ამიტომ შენობიდან ხალხი ევაკუირებული იყო.

აფეთქების შედეგად შენობის ფასადი დაზიანდა, ჩაიმსხვრა მინები. ასევე დაზიანდა გვერდით მდგომი ავტომობილები და ახლომდებარე სახლები.

წინასწარი მონაცემებით, ასაფეთქებელი მოწყობილობა ტელევიზიის შენობის გარეთ, რკინის ღობეზე იყო დამაგრებული.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია. თუმცა წარსულში ულტრამემარცხენე რადიკალურ დაჯგუფებებსა და ანარქისტულ ორგანიზაციებს საბერძნეთში მედიასაშუალებებზე არა ერთი თავდასხმა აქვთ განხორციელებული.
მომხდარს საბერძნეთის პოლიციის ანტიტერორისტული განყოფილება იძიებს.