საბერძნეთში არავაქცინირებული ადამიანებისთვის დამატებითი შეზღუდვები დაწესდება. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, კირიაკოს მიცოტაკისის განცხადებით, მომდევნო კვირიდან საბერძნეთში აუცრელი ადამიანებს აღარ შეუშვებენ კინოთეატრებში, მუზეუმებსა და სპორტდარბაზებში.
საბერძნეთის პრემიერის თქმით, დამატებითი შეზღუდვები აუცრელი ადამიანებისთვის იმიტომ წესდება, რომ წელს საბერძნეთში შობის დღესასწაული გაცილებით უკეთესად აღინიშნოს, ვიდრე შარშან.
„ვაქცინა ხალხს გამარჯვებას აძლევს და არა დაავადებას“, – განაცხადა საბერძნეთის პრემიერმა.
გასული დღე-ღამის განმავლობაში საბერძნეთში „კოვიდ-19“-ის 7 805 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ვირუსით გარდაიცვალა 91 ადამიანი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, საბერძნეთში „კოვიდ-19“-ის 868 868 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 17 168 ადამიანი.