სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების გასხვისებაზე მორატორიუმის გაუქმების შესახებ სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლო დღეს განიხილავს
საბერძნეთის მოქალაქეები საქართველოში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოეთის მოქალაქეებზე გასხვისებაზე მორატორიუმის გაუქმებას საკონსტიტუციო სასამართლოში ითხოვენ.
შესაბამის სარჩელს დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი, ანუ მოსამართლეთა სრული შემადგენლობა განიხილავს. სარჩელი თავდაპირველად წარმოებაში პირველმა კოლეგიამ მიიღო, თუმცა საკითხის სირთულიდან გამომდინარე, პლენუმს გადასცა.
სარჩელის ავტორები საბერძნეთში საქართველოდან წასული მოქალაქეები არიან, რომელთა წინაპრები საქართველოში ცხოვრობდნენ, დღემდე ფლობენ მამა-პაპისეულ მიწებს, მაგრამ მორატორიუმის გამო, მემკვიდრეობის საკუთრებაში დარეგისტრირებას ვერ ახერხებენ.
მემკვიდრეობით მიღებული ნაკვეთების საკუთრებაში დაკანონებას საბერძნეთის მოქალაქეები ვერც მომავალში შეძლებენ, რადგან უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გასხვისება ახალი კონსტიტუციით იკრძალება.
მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით აღიარებულ საკუთრების უფლებას.
„ახალი კონსტიტუციის ამოქმედებამდე ორი კვირა რჩება, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს, რომ დღეს მოქმედი ნორმები მისივე გადაწყვეტილებით, 2012 და 2014 წლებში თავად სცნო ანტიკონსტიტუციურად, თუმცა შემდგომში ხელისუფლებამ ახალი მორატორიუმი გამოაცხადა. ამიტომ სასამართლოს პლენუმს შეუძლია ანალოგიურ გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით, საქმის განუხილველად გამოიტანოს გადაწყვეტილება და არაკონსტიტუციურად ცნოს მორატორიუმის პირობები, რასაც აქვს როგორც პრინციპული, ასევე პრაქტიკული მნიშვნელობა, რადგან დარჩენილი ორი კვირის განმავლობაში, შესაძლებელი გახდება მემკვიდრეობის დაკანონება. ჩვენ არ გამოვრიცხავთ, ახალი კონსტიტუციის შესაბამისი ნორმაც გავასაჩივროთ”,- აცხადებს მოსარჩელე მხარე.