ჯონდი ბაღათურია - მორატორიუმის დროს მიწები საქართველოს მოქალაქეებზე, ე.წ. გადამყიდველებზე დარეგისტრირდა, ახლა ისინი რიგებში დგანან, რომ უცხოელებზე გადააფორმონ
ჯონდი ბაღათურია - მორატორიუმის დროს მიწები საქართველოს მოქალაქეებზე, ე.წ. გადამყიდველებზე დარეგისტრირდა, ახლა ისინი რიგებში დგანან, რომ უცხოელებზე გადააფორმონ

ხელისუფლების კორუმპირებულმა ნაწილი გარიგებაში შევიდა საკონსტიტუციო სასამართლოსთან, რომელიც პატარა კორუმპირებულ ცეხადაა გადაქცეული, – ამის შესახებ „ქართული დასის“ ლიდერმა, ჯონდი ბაღათურიამ პირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“ განაცხადა.

„მომზადებულია 2 500 განაცხადი, რომ უცხოელებმა ქართული მიწები იყიდონ. მორატორიუმის დროს, ამ ერთი წლის განმავლობაში, მიწები საქართველოს მოქალაქეებზე, ე.წ. გადამყიდველებზე დარეგისტრირდა და ახლა ეს ე.წ გადამყიდველები ირანელებთან, თურქებთან, არაბებთან, უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან ერთად რიგებში დგანან, რომ მიწები უცხოელებზე გადააფორმონ“, – განაცხადა ბაღათურიამ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებს ის, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეების მხრიდან ქართული მიწების შესასყიდად უკვე 2 500 განაცხადია მომზადებული, ბაღათურიამ აღნიშნა, რომ მას ეს ინფორმაცია ხელისუფლებიდან აქვს, მაგრამ მათ ვინაობას ვერ დაასახელებს, რადგან ამ ხალხს გამოყრიან და მათ ინფორმაცია აღარ ექნებათ, ხვალ კი, როცა ხელისუფლება შეიცვლება, ეს ადამიანები გამოადგებათ.

„ორი წყარო იუსტიციის სახლიდან არის და კიდევ არიან ჩვენი კოლეგები, რომლებიც ასეთ ინფორმაციას გვაწვდიან. უბრალოდ, ახლა ამათი დასახელება არ შეიძლება, ეს ნამდვილად ასეა. განაცხადი ათასობით არის შესული, მაგრამ 2 500 ქეისი გადასაფორმებლად არის გამზადებული და ჩვენი ინფორმაციით, ამაში წინასწარ რაღაც ფულია აღებული და დანარჩენი ფული ასაღებია. ამიტომ გვაქვს ეჭვი, რომ საკონსტიტუციო სასამართლოც კორუფციულ გარიგებაში შევიდა, რადგან ასე საეჭვოდ იმუშავა“, – განაცხადა ბაღათურიამ.