ჯონდი ბაღათურია - ჩვენი ნომერ პირველი ამოცანაა, ცხრა დღის განმავლობაში უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწები არ გაიყიდოს და მათი 2 500 განაცხადი არ დაკმაყოფილდეს
ჯონდი ბაღათურია - ჩვენი ნომერ პირველი ამოცანაა, ცხრა დღის განმავლობაში უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწები არ გაიყიდოს და მათი 2 500 განაცხადი არ დაკმაყოფილდეს

დღეს ჩვენი ნომერ პირველი ამოცანაა, ეს მიწები არ გაიყიდოს, რადგან 2 500 განაცხადი რომ დაკმაყოფილდეს და თითოს ერთი ჰექტარი დაუმტკიცონ, ეს 25 მილიონი კვ.მ. ქართული მიწაა, რომელიც უცხოელების მფლობელობაში უნდა გადავიდეს, – განაცხადა „ქართული დასის“ ლიდერმა, ჯონდი ბაღათურიამ პირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“.

„თითოეულს 50 ჰექტრამდე აქვს შეტანილი და ღმერთმა ნუ ქნას, ეს რომ დამტკიცდეს, თორემ ეს 250 მილიონი კვ.მ. მიწაა“, – განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ფიქრობს თუ არა ის, რომ დარჩენილ ოთხ დღეში ამ 2 500 განაცხადის დაკმაყოფილება მოესწრება, ჯონდი ბაღათურიამ განაცხადა, რომ ამ საკითხმა საზოგადოებაში მწვავე რეზონანსი გამოიწვია და ამიტომ დიდი იმედი აქვს, ეს ვერ მოესწრება.

მისი თქმით, როცა საკონსტიტუციო სასამართლო „ამ კორუმპირებული გადაწყვეტილების“ მიღების წინ სარჩელს განიხილავდა, უკვე იცოდა, რომ კონსტიტუციის მიხედვით დაწესებული მორატორიუმი ცხრა დღეში შედიოდა ძალაში, მაგრამ გადაწყვეტილება მაინც მიიღო და მიწების ყიდვის მსურველ უცხოელებს ცხრადღიანი ლუფტი მისცა.

„პირად საუბარში, ძალიან ბევრი ჯერ ცდილობდა, აეხსნა, რომ ვინც სარჩელი შეიტანა, საქართველოში დაბადებული ბერძნები იყვნენო, მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ის კი არ ჩაუწერია, რომ მიწების ყიდვის უფლება მარტო საქართველოში დაბადებულ ბერძნებს მიეცესო. იქ მორატორიუმი მთლიანად მოიხსნა. ამიტომ, ეს ახსნები ძალიან უსუსური იყო“, – განაცხადა ბაღათურიამ.

ბაღათურიამ ასევე განაცხადა, რომ ამ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა თვითონ ხელისუფლების შიგნითაც არის.

„ხელისუფლების წიაღში არის ძალიან პასუხისმგებლიანი ხალხი, ვისაც სახელმწიფოებრივი აზროვნება აქვს. ასეთი ხალხი არის საპარლამენტო გუნდშიც, მთავრობაშიც და პარტიაშიც. ერთ-ერთი ასეთი მაგალითი ოთარ დანელიაა და შემიძლია, უფრო მეტიც დავასახელო“, – განაცხადა ბაღათურიამ.

როგორც ბაღათურიამ აღნიშნა, „ქართული დასი“ ხვალ, 10:00 საათზე იუსტიციის სახლის წინ მასობრივ აქციას ატარებს უკვე პოლიტიკური მოთხოვნებით.

დატოვე კომენტარი