საბა გოგლიჩიძე - ბედნიერი ვარ, რომ სამეულში მოვხვდით და კონფერენს ლიგის საგზური მოვიპოვეთ #1TVSPORT
საბა გოგლიჩიძე - ბედნიერი ვარ, რომ სამეულში მოვხვდით და კონფერენს ლიგის საგზური მოვიპოვეთ #1TVSPORT

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და ქუთაისის „ტორპედოს“ 19 წლის მცველმა, საბა გოგლიჩიძემ ქუთაისურ კლუბში 14 შეხვედრა ჩაატარა და სეზონი ისე დაასრულა, რომ მისი მონაწილეობით „ტორპედოს“ არც ერთი მატჩი არ წაუგია.

გოგლიჩიძემ ეროვნული ლიგის დასრულებულ სეზონზე კომენტარი გააკეთა.

„ბედნიერი ვარ, რომ სამეულში მოვხვდით და კონფერენს ლიგის საგზური მოვიპოვეთ. სეზონის პირველი ნახევრის შემდეგ ამას ვერავინ წარმოიდგენდა, მაგრამ ბიჭებს ერთი წამით არ გვიფიქრია, რომ ყველაფერი დამთავრებული იყო.

დაძაბული ბრძოლა ბოლო ტურამდე გაგრძელდა და საბოლოოდ, სწორედ ის შევძელით, რაც ბევრისთვის წარმოუდგენელი იყო – „ტორპედო“ იქ არის, სადაც ყოფნას ყოველთვის იმსახურებს.

მადლობა ჩვენს გულშემატკივრებს – ისინი მუდამ გვერდში გვიდგანან და მათი დიდი დამსახურებაა, რომ ამ შედეგს მივაღწიეთ. ასევე დიდი მადლობა მწვრთნელებს და კლუბის ხელმძღვანელობას – ყველას, ვინც „ტორპედოს“ წარმატებაში პატარა წვლილი მაინც შეიტანა“, – ამბობს საბა გოგლიჩიძე.

შეგახსენებთ, რომ GeoTeam-ის ინფორმაციით, საბა გოგლიჩიძეს იტალიურ კლუბებში იწვევენ და ქუთაისის „ტორპედოს“ ცენტრალური მცველი სეზონის ბოლოს, შესაძლოა, იტალიაში წავიდეს – დაინტერესებულთა შორის დასახელდა „მილანი“, „იუვენტუსი“, „უდინეზე“ და „ვერონა“. „მილანის“ ჩანაფიქრია, ქართველი მცველი დაიმატოს და თავიდან იტალიურ ფეხბურთთან შესაგუებლად იჯარით სხვა კლუბში გაუშვას.