სააპელაციო სასამართლოში ბექა ბასილაიას საქმის განხილვა 25 ივნისისთვის გადაიდო
სააპელაციო სასამართლოში ბექა ბასილაიას საქმის განხილვა 25 ივნისისთვის გადაიდო

თბილისის სააპელაციო სასამართლოში რუსთაველის გამზირზე აქციაზე დაკავებული ბექა ბასილაიას საქმის განხილვა 25 ივნისისთვის გადაიდო. მოსამართლე ლევან მურუსიძემ ბექა ბასილაიას შუამდგომლობა საჩივრის განხილვის გადადების შესახებ დააკმაყოფილა.

ბექა ბასილაიამ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ 20 ივნისის აქციაზე სამართალდამცავებმა ათეულობით ადამიანი პოლიტიკური ნიშნით დააკავეს და სოლიდარობის ნიშნად, პატიმრობაში დარჩენა მოითხოვა. იმ შემთხვევაში, თუ დაკავებული სხვა პირების საქმის განხილვას სააპელაციო სასამართლო 25 ივნისის 11:00 საათამდე ვერ მოასწრებს, ბასილაიას თქმით, თავის საჩივარს გაიტანს.

ბექა ბასილაიას სასამართლომ 21 ივნისს 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ დღეს 20 ივნისს დაკავებულთა ადმინისტრაციული საჩივრების ნაწილი განიხილა. მოსამართლე ლევან მურუსიძის გადაწყვეტილებით, იოსებ თხელიძე, ცოტნე ცხვედიანი და ირაკლი ხვადაგიანი სამართალდამრღვევებად ცნეს, თუმცა ადმინისტრაციული პატიმრობიდან გაათავისუფლეს.