მიხეილ სააკაშვილი - მიტინგებზე მორატორიუმი საახალწლო დღესასწაულებს უკავშირდება
მიხეილ სააკაშვილი - მიტინგებზე მორატორიუმი საახალწლო დღესასწაულებს უკავშირდება

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, კიევში, მის მიერ მიტინგების გამართვაზე დროებით მორატორიუმის გამოცხადება საახალწლო და საშობაო დღესასწაულებს უკავშირდება.

ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა პირველ არხს კიევის სააპელაციო სასამართლოში განუცხადა, სადაც დღეს სევერიონ დანგაძის სასამართლო პროცესი უნდა გამართულიყო.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა,  პირველ რიგში, სწორედ ამიტომ გადაწყვიტა მიტინგებზე მორატორიუმის გამოცხადება, ვინაიდან მისი აზრით, საახალწლო და საშობაო დღესასწაულებზე კარგი უკრაინელებისა და სხვა ხალხის შეწუხება კარგი არ იქნება.

„მეორე – როგორც იცით, ყველა მრავალრიცხოვანი მარშის დროს იყო პროვოკაციის მცდელობა. პირველი მარშის დროს მათ მოახდინეს ტელეკომპანია „ნიუს ვანის“ ბლოკირება. მათ იცოდნენ, რომ ჩვენ იქ მივიდოდით. პირველად ჩვენ პროვოკაციის არიდება შევძელით. მეორედ, როდესაც ციხეში ვიჯექი, მრავალრიცხოვან მარშზე მოაწყვეს პროვოკაცია. პროვოკატორებმა მაღაზიების ვიტრინების ჩამსხვრევა დაიწყეს. ჩვენი აქტივისტები რომ არა მთავარი ამბავი ის კი არ იქნებოდა, რომ აქციაზე ბევრი ხალხი შეიკრიბა, არამედ ის, რომ ჩვენ მაღაზიების ფანჯრები ჩავამსხვრიეთ. მესამე შემთხვევა, როდესაც პროვოკაცია ავიცილეთ თავიდან, ოქტომბრის სასახლეს უკავშირდებოდა. ჩვენ არასწორი ინფორმაცია მოგვაწოდეს და როდესაც სასახლეში შევედით, ნახეთ, რაც მოხდა. საბედნიეროდ, სისხლი არ დაიღვარა, თუმცა პროვოკაცია ნაწილობრივ შედგა. ყოველ ჩვენს შეკრებას ხელისუფლება პროვოკაციით პასუხობს“, – განუცხადა მიხეილ სააკაშვილმა პირველ არხს.

მიხეილ სააკაშვილმა კიევში მიტინგების გამართვაზე დღეს დროებითი მორატორიუმი გამოაცხადა.