სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე დაკავებული გია თვალავაძე გირაოთი გათავისუფლდა [ვიდეო]
სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე დაკავებული სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ყოფილი უფროსი გია თვალავაძე სასამართლო დარბაზიდან გირაოთი გაათავისუფლეს.
„პატიმრობა შეიცვალოს გირაოთი – 20 ათასი ლარით“, – განაცხადა პროცესზე მოსამართლემ.
გია თვალავაძის ადვოკატებმა სასამართლოსგან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლა მოითხოვეს.
გია თვალავაძეს გამოძიება ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის ხელშეწყობას ედავება. 26 სექტემბერს 6 დაკავებულს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 6 დაკავებულიდან 3 ბრალს არ აღიარებდა, მათ შორის სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე. გამოძიების ინფორმაციით, 15 აფთიაქში ურეცეპტოდ 15 მილიონ ლარზე მეტი მედიკამენტები გაიყიდა. 6 დაკავებულის გარდა, პასუხისგებაში მისცეს 15 პირი. გამოძიების ინფორმაციით, გია თვალავაძე ბოროტად იყენებდა საკუთარ უფლებამოსილებას, მსგავს ფაქტებზე არ ახდენდა სათანადო რეაგირებას, როდესაც ცხელ ხაზზე შედიოდა ზარები.
საქმეზე წინასასამართლო სხდომა 12 ნოემბერს არის ჩანიშნული.