რუსული ენერგოგიგანტები დასავლეთის ბაზარზე კონტრაქტის პირობებს ამკაცრებენ 
რუსული ენერგოგიგანტები დასავლეთის ბაზარზე კონტრაქტის პირობებს ამკაცრებენ 

დასავლეთის ნავთობისა და ბუნებრივი აირის შემსყიდველი წამყვანი კომაპანიები ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში რუსულ ენერგოგიგნტებთან ურთულეს მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

რუსული ენერგოგიგანტები ერთის მხრივ ნედლეულის ფასის ანაზღაურებას დოლარის ნაცვლად ევროში ან სხვა ვალუტაში ითხოვენ, მეორეს მხრივ კი, კონტრაქტში ჯარიმების პუნქტის გამკაცრება სურთ.

კომპრომისის მიღწევას რუსეთზე დასავლეთის მიერ დაწესებული ეკონომიკური სანქციების მოსალოდენლი გამკაცრება უშლის ხელს. ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი საკუთარ სანდო წყაროზე დაყრდნობით ექსკლუზიურად ავრცელებს.

რუსული ენერგოგიგანტები, როგორიცაა Rosneft-ი, Gazprom Neft-ი და Surgutneftegaz-ი, ენერგორესურსების შემსყიდველ დასავლურ კომპანიებს 2019 წლის კონტრაქტში პირობებს უმკაცრებენ. ამ გზით რუსული კომპანიები აშშ-ის მხრიდან რუსეთზე დაწესებული ეკონომიკური სანქციების გამკაცრების შემთხვევაში თავის დაზღვევას აპირებენ. მაგრამ არც დასავლეთელ პარტნიორებს სურთ იმავე რისკების თავის თავზე აღება. ამიტომ მხარეებს კომპრომისის მიღწევა უჭირთ.

აღნიშნული ინფორმაცია Reuters-ს ინდუსტრიის შვიდმა წარმომადგენელმა მიაწოდა, მაგრამ შვიდივემ ვინაობის დაფარვა ითხოვა, რადგან მოლაპარაკების პროცესი კონფიდენციალურია და ჯერ არ დასრულებულა.
რუსული კომპანიები ითხოვენ, რომ თუ 2019 წელს აშშ სანქციებს ისე გაამკაცრებს, რომ შესყიდულ რუსულ ნედლეულში ფულის გადახდა დაიბლოკა, შემსყიდველმა კომპანიებმა წაღებული საქონელი დააბრუნონ, ან ჯარიმა გადაიხადონ. თუმცა მეორე მხარის არგუმენტით, თუ საქონლის ფასის გადახდა დაიბლოკა, ვერც ჯარიმის გადახდა იქნება შესაძლებელი.

დასავლური კომპანიები კომპრომისის სახით სანქციების მოხსნამდე გადახდების გაყინვას ითხოვენ, ისევე როგორც ეს ხდებოდა ირანთან.
წყაროს მიხედვით, ჯარიმის გადახდისა და ტრანზაქციის ევროში ან სხვა ვალუტაში განხორციელების პუნქტები კლინეტ კომპანიებს რუსული ენერგოინდუსტრიის ლიდერმა კომპანია Rosneft-მა მიმდინარე კვირის დასაწყისში წაუყენა. ახლახანს კი, იგივე მოთხოვნები Gazprom Neft-მა და Surgutneftegaz-მა გაიმეორეს. ორივე კომპანია რუსეთის ნავთობისა და გაზის სექტორში რიგით მესამე და მეოთხე უმსხვილესი მოთამაშეები არიან. არცერთი კომპანია კომენტარს არ აკეთებს.
როგორც ცნობილია, 2014 წელს უკრაინის ტერიტორიაზე ყირიმის ნახევარკუნძულის ოკუპაციის გამო, რუსეთს აშშ-მა და ევროკავშირმა ეკონომიკური სანქციები დაუწესეს. სანქციები წლიდან წლამდე სულ უფრო მძიმდება, დოლარში ფინანსურ აქტივობას ზღუდავს და სულ უფრო მეტ რუსულ კომპანიაზე ვრცელდება, განსაკუთრებით ნავთობისა და გაზის სფეროში.

რამდენიმე კვირაში რუსული ბიზნესი სანქციების ახალ ტალღას ელოდება, ამიტომ რისკების დაზღვევას ცდილობს და ფინანსური ტრანზაქციებიდან დოლარის ამოღებას ცდილობს.
ნავთობის გლობალური მიწოდების 10 პროცენტი რუსეთზე მოდის და ევროპისა და აზიის წამყვანი ნავთობის გადამამუშავებელი ქარხნები სწორედ რუსეთიდან მარაგდებიან. ანალიტიკოსების აზრით, მათ ძალიან გაუჭირდებათ რუსულ ნავთობზე უარის თქმა და სანქციების გამკაცრება ნავთობზე ფასის ზრდას გამოიწვევს