რუსული ბუნებრივი აირის ჩასანაცვლებლად გერმანელ მომხმარებლებს დამატებითი გადასახადი დაუწესდებათ
რუსული ბუნებრივი აირის ჩასანაცვლებლად გერმანელ მომხმარებლებს დამატებითი გადასახადი დაუწესდებათ

რუსული ბუნებრივი აირის ჩასანაცვლებლად გერმანელ მომხმარებლებს დამატებითი გადასახადი დაუწესდებათ. როგორც გერმანიის მთავრობაში აცხადებენ, ეს აუცილებელია, რათა კომპანიებმა რუსული ბუნებრივი აირის ჩანაცვლების საფასური დაფარონ და ენერგეტიკული ბაზრის კოლაფსი არ მოხდეს.

როგორც „ბიბისი“ წერს, დამატებითი გადასახადი მოქალაქეებს პირველი ოქტომბრიდან დაუწესდებათ და 2024 წლის აპრილამდე დარჩება ძალაში.

გერმანიის ბუნებრივი აირის ბაზრის ოპერატორის გათვლებით, დამატებითი გადასახადი ერთ კილოვატ/საათზე 2,419 ცენტი იქნება, ამრიგად, ერთ წელიწადში მომხმარებელს საშუალოდ 480 ევროთი მეტის გადახდა მოუწევს ბუნებრივ აირში. ახალი გადასახადი შეეხება გერმანულ ბიზნესსაც.

გერმანიის ენერგეტიკის მინისტრის თქმით, დამატებითი გადასახადი პუტინის მიერ უკრაინაში წამოწყებული ომის შედეგია.

„დამატებითი გადასახადი არის პუტინის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული აგრესიული ომის შედეგი და წარმოადგენს ხელოვნურ ენერგოდეფიციტს, რომელიც რუსეთმა გამოიწვია. ამ ყველაფრის მთავარი მიზეზი არის პოლიტიკური შეცდომა, როდესაც ჩვენ დამოკიდებულები გავხდით მომწოდებელზე, რომელიც მზად იყო, ადამიანებისა და მოქალაქეების უფლებები დაერღვია. ახლა რომ გავთავისუფლდეთ ამ დამოკიდებულებისგან და აღვადგინოთ ჩვენი სუვერენიტეტი ჩვენს ქმედებებში, ბოლოს და ბოლოს აუცილებელია და გვიღირს, ეს ზომები მივიღოთ ამ პერიოდში“, – განაცხადა გერმანიის ენერგეტიკის მინისტრმა.

ეკონომისტების პროგნოზით, ბუნებრივ აირზე დამატებითი გადასახადის შემოღება გერმანიაში ინფლაციას კიდევ უფრო გაზრდის. ივლისში ინფლაცია 8,5 პროცენტს შეადგენდა.