ანტონიუ კოშტა – სამშვიდობო მოლაპარაკებებზე ევროპას ევროკავშირის ინსტიტუტები და გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, იტალია, პოლონეთი წარმოადგენენ, ევროპის უსაფრთხოება უკრაინის უსაფრთხოებით იწყება

22:41, 13.11.2026

რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებზე ევროპას ევროკავშირის ინსტიტუტები და E5-ის ქვეყნები – გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, იტალია და პოლონეთი წარმოადგენენ. ამის შესახებ დუბლინში, ევროკავშირის ლიდერების არაფორმალური სამიტის შემდეგ, პრესკონფერენციაზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიუ კოშტამ განაცხადა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის განმარტებით, ევროკავშირის პოზიცია ნათელია: ევროპის უსაფრთხოება უკრაინის უსაფრთხოებით იწყება. მისივე თქმით, ევროკავშირი მიესალმება ყველა დიპლომატიურ ძალისხმევას, რომელიც რუსეთს მოლაპარაკების მაგიდასთან მიიყვანს.

„ჩვენ ამ პროცესს ყოველმხრივ ვუჭერთ მხარს და ვიმედოვნებთ, რომ ის კონკრეტულ შედეგს გამოიღებს. დღეს ლიდერები შეთანხმდნენ, რომ სამშვიდობო  მოლაპარაკებებზე ევროპის გუნდს ევროკავშირის ინსტიტუტები და E5-ის ქვეყნები წარმოადგენენ (გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, იტალია და პოლონეთი )“ – აღნიშნა კოშტამ.

როგორც ანტონიო კოშტამ თქვა, მოლაპარაკებებში ევროკავშირის პრინციპები და პოზიციები კარგად არის ცნობილი, ევროპული გუნდი კი ერთიანობასა და მჭიდრო კოორდინაციას შეინარჩუნებს.

„ევროპა უნდა საუბრობდეს ერთი მკაფიო და ერთიანი ხმით ყველა იმ დისკუსიაში, რომელიც უკრაინის მომავალს და ჩვენს უსაფრთხოებას განსაზღვრავს“, – განმარტა კოშტამ.

ამასთან, კოშტამ ახსნა, რატომ გადაწყვიტეს ლიდერებმა, მოლაპარაკებებზე ერთი წარმომადგენლის ნაცვლად გუნდი გაგზავნონ. მისი თქმით, მოლაპარაკებების სხვა მხარეებსაც გუნდები წარმოადგენენ.

„მაგალითად, პრეზიდენტ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები ერთი კი არა, ორნი არიან. უკრაინის დელეგაციაში, ვფიქრობ, სამი ან ოთხი ადამიანია. ეს ნორმალურია“, – განაცხადა კოშტამ.

მისივე განცხადებით, გუნდი მხოლოდ ევროკავშირს არ წარმოადგენს, არამედ „მსურველთა კოალიციასაც“.

მსგავსი