რუსთავში, სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებასთან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები შეიკრიბნენ
რუსთავში, სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებასთან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები შეიკრიბნენ

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები იმყოფებიან.

მათი განცხადებით, ნიკა მელიას მხარდასაჭერად შეიკრიბნენ. როგორც ლევან ხაბეიშვილი აღნიშნავს, სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, შევლენ თუ არა პარლამენტში და მოაწერენ თუ არა ხელს შეთანხმების დოკუმენტს, ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ ისაუბრებენ.

„ველოდებით ნიკა მელიას გათავისუფლებას ევროკავშირის გამოსასყიდის გადახდის შემდეგ.საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ევროკავშირი დამნაშავეებს და სახელმწიფო გადამტრიალებლებს გამოსასყიდს არ უხდის. სასამართლო ჩაინიშნა ოთხ საათზე. მას შემდეგ, რაც ჩვენი პარტიის თავმჯდომარე მძევლობიდან გათავისუფლდება, პოლიტიკური საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას ჩვენი ბრძოლის სტრატეგიასთან დაკავშირებით. რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული დოკუმენტის ხელმიწერასთან, პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით, საზოგადოებას ინფორმაცია ექნება ძალიან სწრაფად, მხოლოდ მას შემდეგ, რაც ნიკა მელია თავისუფალი იქნება“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი 16:00 საათზე გაიმართება. სხდომაზე მოსამართლემ უნდა განიხილოს პროკურატურის შუამდგომლობა, რომლითაც საგამოძიებო უწყებამ მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე გუშინ მიმართა.

ნიკა მელიასთვის შეფარდებული გირაოს თანხა 40 000 ლარი, ევროკავშირის ეგიდით „ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის“ 8 მაისს გამოყო.