რუსთავში მოკლული არასრულწლოვნის მშობლები ექიმებისა და პოლიციის თანამშრომლების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვენ 
რუსთავში მოკლული არასრულწლოვნის მშობლები ექიმებისა და პოლიციის თანამშრომლების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვენ 

რუსთავში მოკლული არასრულწლოვნის მშობლები და ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ეკა ქობესაშვილი სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებისა და პოლიციის თანამშრომლების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვენ.

ამასთან, მოზარდის ოჯახი საგამოძიებო უწყებების სამსახურებრივ გულგრილობაზე საუბრობს და მოითხოვს, 13 წლის მოზარდის მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გაგრძელდეს.

„გამოძიება ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურაში მიმდინარეობს და გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები ჩატარებულია. გამოიკითხნენ მოწმეები. ვითხოვთ იმ პირების პასუხისმგებლობის გამოკვეთას, ვისი უმოქმედობითაც და სამსახურებრივი გულგრილობითაც მოხდა აღნიშნული ტრაგედია. მკვლელობა ვინც განახორციელა, ბავშვის ბიძა, არანებაყოფლობით მკურნალობას გადის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. საქმე, რამაც აქამდე მიგვიყვანა, ეს იყო პირველ რიგში, ექიმების დაუდევრობა. ოჯახის წევრებმა ვალერი ირემაძე მიიყვანეს ორ საავადმყოფოში და ითხოვდნენ, მომხდარიყო მისი ჰოსპიტალიზაცია, რადგან ის არ იყო ადეკვატური. როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ისიც თანახმა იყო მკურნალობაზე, მაგრამ ექიმების გულგრილმა და დაუდევარმა ქმედებამ გამოიწვია ის, რომ სახლში გაუშვეს. რეალურად არც მოხდა სამედიცინო დოკუმენტაციის გადამოწმება, რა დიაგნოზით იყო დაავადებული და ფაქტობრივად, ექიმმა არც გასინჯა და ისტორია არ შეისწავლა.

მეორე დღეს, როცა ხდებოდა ტრაგედია, ოჯახის წევრებმა გამოიძახეს საპატრულო პოლიცია. მეზობლები პოლიციის თანამშრომლებს მოუწოდებდნენ, დაუყოვნებლივ შესულიყვნენ სახლში, რადგან 13 წლის ბავშვი ფსიქიკურად დაავადებულ ადამიანთან ერთად იმყოფებოდა და მას ემუქრებოდა საფრთხე.  პოლიციამ კი, რატომღაც მიიღო გადაწყვეტილება, ჯერ სამაშველო სამსახური გამოეძახებინათ, რომ კარი გაეღოთ. ოჯახი ცხოვრობს პირველ სართულზე და თავისუფლად შეიძლებოდა გადასულიყო მეზობელი ან პოლიციელი და თავიდან აერიდებინათ ეს ტრაგედია. როგორც მოწმეები აცხადებენ, პოლიციის თანამშრომლებმა არ მისცეს საშუალება, გადასულიყვნენ. გამოძიებამ დღემდე არ განუმარტა ოჯახს, რა კუთხით არის გამოძიება დაწყებული. აქედან გამომდინარე, აუცილებელია საქმე დაექვემდებაროს საქართველოს გენერალურ პროკურატურას“, – აცხადებს ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ეკა ქობესაშვილი.

შემთხვევა რუსთავში 10 თებერვალს  მოხდა.  13 წლის მოზარდის მკვლელობისთვის ბიძა დააკავეს. მეზობლების თქმით, დაკავებულს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, თუმცა ის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ადგილის უქონლობის გამო არ მიიღეს. 12 თებერვალს ძმისშვილის მკვლელობაში ბრალდებულ ვალერი ირემაძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა და ის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს.